ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებთან პირველი გამარჯვების შემდეგ, სლოვაკეთში მყოფი ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები იმედიანად ველით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორე შეხვედრას საფრანგეთის გუნდთან, რომელიც 14 ივნისს კვლავ ჟილინაში გაიმართება.

მატჩამდე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ისაუბრა.

„პოლონეთთან მოგების შემდეგ გუნდში დადებითი განწყობაა. ბოლო წუთზე მოგებულმა თამაშმა ჩვენი სიხარული უფრო გააძლიერა. ტრავმების მხრივ სერიოზული პრობლემები არ გვაქვს და იმედია, ფრანგებთან მატჩს სრული შემადგენლობით ვითამაშებთ.

ლომინაძეს მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ თამაშისთვის მზადაა. გამოჩნდება თუ არა მომავალ მატჩში ნაკრებში ახალი სახე, კონკრეტულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

პოლონეთთან იყო საფრთხე, რომ 10 ფეხბურთელით დავრჩენილიყავით. ამ საკითხზე ბიჭებთან ვისაუბრეთ. ასაკის გათვალისწინებით, ასეთი რამ ხშირია, მაგრამ ემოციების მართვა უნდა ვისწავლოთ.

საფრანგეთთან მატჩის მნიშვნელობა ყველას გააზრებული აქვს, თავის გამოჩენის შემთხვევაში, გუნდის და პირადად მათ წინაშე დიდი პერსპექტივა გადაიშლება.

ასეთი თამაშების წინ დამატებითი მოტივაცია საჭირო არაა. ვნახეთ მათი თამაში, ძლიერი და დაბალანსებული გუნდია, რომელიც შეცდომას არავის პატიობს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ყველა გუნდთან ერთი და იმავე ტაქტიკით ვერ ვითამაშებით. პოლონეთი უფრო ფრთხილობდა, ფრანგებთან კი ალბათ გადაწყობა დაგვჭირდება. როცა შეტევის და ბურთის დაჭერის საშუალება გვექნება, ეს უნდა გავაკეთოთ“.

კობა ინასარიძე,

საპეციალურად „სარბიელისთვის“ ჟილინადან