
რა ხანია შეთანხმებულია, რომ დიდიე დეშამი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება. ვინ შეცვლის მას? შესაძლო კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად ზინედინ ზიდანს ახსენებენ.
„საფრანგეთის ნაკრებში თავს ლეგიტიმურ ადამიანად ვგრძნობ. იქ, როგორც ფეხბურთელმა, კარიერის 12,13,14 წელი გავატარე. რასაკვირველია მის სათავეში ჩადგომა ოცნებაა და შეთავაზებასაც მოუთმენლად ველი, მაგრამ მანამდე ამ გუნდს ჰყავს მწვრთნელი და მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვხატოთ. მეც სწორედ ამას ვაკეთებ’’, ― თქვა ზიდანმა ერთი თვის წინ.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო დეშამისადმი პატივისცემის გამო ზიდანის შესახებ ლაპარაკს ერიდება, მაგრამ Ouest France-თვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში მან ნაკრების „ოქროს ბურთის’’ 1998 წლის მფლობელისთვის ჩაბარების საკითხს მაინც გაუკეთა კომენტარი.
„ის, რომ ასეთი ბუმბერაზი ფეხბურთელი და მწვრთნელი დაინტერესებულია, იმაზე მიუთითებს რომ საფრანგეთის ნაკრების თავკაცის პოსტი მომხიბვლელი თანამდებობაა. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმით, რომ „ლურჯების’’ თავკაცის პოსტი თვით ზიდანს აინტერესებს, მაგრამ საიდუმლოებების მოყვარული არ ვარ და იმავდროულად მინდა პატივისცემა გამოვამჟღავნო იმ ხალხისადმი, რომელიც ამ მომენტისთვის ამა თუ იმ თანამდებობას იკავებს და რომელმაც ფრანგული ფეხბურთის განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. ნაადრევი არასასურველი განცხადებებით დეშამთან ურთიერთობის დანაგვიანებას არ ვაპირებ’’, — თქვა მან.
დიალოსგან განსხვავებით მისი წინამორბედი, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოელ ლე გრე პირდაპირი იყო. მან თქვა: „მე რომ დღეს თანამდებობას ვიკავებდე, ჯიქურ გამოვაცხადებდი, რომ „ლურჯების’’ შემდეგი მწვრთნელი ზიდანი იქნება’’.