სამშაბათს, თერთმეტსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ, ადგილობრივი დროით საღამოს ცხრის ნახევარზე „პარი სენ ჟერმენი’’ აშშ-ში, კერძოდ ლოს ანჯელესში დაეშვა და მეორე დილით, 9 საათზე უკვე საწვრთნელ მოედანს მიაშურა. პარიზელებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ კვირას, საქართველოს დროით 23 საათზე მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ აქვთ. გუნდი ირვინის უნივერსიტეტში დაბინავდა, სადაც პირველი ათი დღის განმავლობაში იცხოვრებს.
ვარჯიში წესით მხოლოდ პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში უნდა ყოფილიყო საჯარო, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ მას ხალხი არ ესწრებოდა, ხოლო მედა-საშუალებებიდან ბაზაზე მხოლოდ „პარიზიენი’’ იმყოფებოდა, ლუის ენრიკემ აკრძალვა გააუქმა. ჩემპიონთა ლიგის მფლობელს მცირე მარშით ჩირლიდერები მიესალმენ.
ლოს ანჯელესი გუნდს 25 გრადუსითა და ოდნავი მოღრუბლულობით შეეგება. როგორც მოსალოდნელია, პირველ სამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს ტრავმირებული ოსმან დემბელე. ის გუნდთან ერთად მოედანზე არ გასულა. მან ერთი ხნის შემდეგ რამდენჯერმე ძუნძულით შემოურბინა მოედანს. გუნდისგან დამოუკიდებლად ვარჯიშობდნენ ასევე დაშავებული ბრედლი ბარკოლა და ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო, რომელიც პსჟ-ს ეკუთვნის, მაგრამ „რეიმსში’’ იყო იჯარით გაშვებული.
როგორც „პარიზიენის’’ კორესპონდენტი აღნიშნავს, ლუის ენრიკე წვრთნაში მთელი გულით იყო ჩართული და რამდენჯერმე ფეხბურთელები შეძახილებით შეაქო. ვარჯიში სხვებზე ადრე აშრაფი ჰაკიმიმ დაასრულა.
დღეს ლოს ანჯელესში ელიან ფეხბურთელთა იმ ჯგუფს, რომელმაც სანაკრებო კვირეულის გამო გუნდთან ერთად ვერ მოახერხა მგზავრობა. ლაპარაკია ჯანლუიჯი დონარუმაზე, ლუკას ბერალდოზე, მარჯინიოსზე, ვილიან პაჩოსა და კან-ინ ლიზე.
„პარიზიენი’’ აგრეთვე მიმოიხილავს ლოს ანჯელესში შექმნილ ვითარებას და იმედს გამოთქვამს, რომ არეულობა, რომელიც ბოლო დღეებში ამ უზარმაზარი ქალაქის ერთ ნაწილშნაწილს მოედო, პსჟ-ს ცხოვრებასა და თამაშებს ხელს არ შეუშლის.
ცნობილი გახდა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პარიზელები ახალი ფორმით წარდგებიან. „ატლეტიკოსთან’’ მისი პრეზენტაცია შედგება. ახალი მაისურების თავისებურება ის არის, რომ შუაში გამოსახულია ბადისებრი ორნამენტი, რომელიც ეიფელის კოშკს მოგვაგონებს. ამით კლუბი თავის პარიზელობას უსვამს ხაზს.