ნეაპოლში სრული სიგიჟეა: დღეს კევინ დე ბრუინი ჩადის. უფრო სწორად, ბელგიელი ვარსკვლავი ჯერ რომში ჩადის, სადაც ვილა სტუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი „ნაპოლისთან’’ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საინტერესო ის არის, რომ ნახევარმცველის იტალიაში ჩასვლისა და შემდგომ მისი ყოველი ნაბიჯის გაშუქებას ნეაპოლური პორტალები ონლაინ, წუთების მიხედვით გეგმავენ. ზოგიერთმა სხვადასხვა ავიასაიტებზე უკვე მოიძია ჰაერში აფრენილი თვითმფრინავის ადგილმდებარეობა და სქრინი გამოაქვეყნა.

დე ბრუინი რომში ბრიუსელიდან კერძო თვითმფრინავით ჩადის. მასთან ერთად იქნება ორი ადვოკატი.

დე ბრუინის ამბავმა ცოტა დაჩრდილა ამერიკელი ნახევარმცველის იუნუს მუსას ტრანსფერი, რომელსაც „ნაპოლის’’ ფეხბურთელობამდე ასევე აღარაფერი აკლია. იუნუს მუსა 22 წლისაა და აშშ-ს გარდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეც არის. ბოლოს ის „მილანში’’ თამაშობდა, მანამდე კი „ვალენსიაში’’, სადაც გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო. მუსა სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის გამოც მამარდაშვილს ვინისიუსთან ჰქონდა კონფლიქტი. სავარაუდოდ, „ნაპოლი’’ „მილანს’’ მუსას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ან მასთან მიახლოებულ თანხას გადაუხდის.

როგორც ამ ორი ტრანსფერიდან ჩანს, ნეაპოლელთა თავკაც ანტონიო კონტეს ნახევარდაცვის გაძლიერება აქვს განზრახული.