გატუზოც კი ახსენეს

Home სიახლეები გატუზოც კი ახსენეს
გატუზოც კი ახსენეს
Head Coach of Dinamo Zagreb Fabio Cannavaro looks on during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD8 match between GNK Dinamo and AC Milan...
ფაბიო კანავარო

ერთიხანობა ისე ჩანდა, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტის კლაუდიო რანიერი შეცვლიდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ „რომა’’, სადაც რანიერი მთავარ კონსულტანტად მუშაობს, მას მეორე სამსახურის შეთავსების ნებას დართავდა. „რომამ’’ 73 წლის მწვრთნელს ასეთი ნებართვა თითქოს მისცა კიდეც, მაგრამ თავად მწვრთნელმა ბოლოწამს მაინც უარი თქვა. ეს ბევრს გაუკვირდა, ფაქტი კი ფაქტად დარჩა: „სკუადრა აძურა’’ ისევ მწვრთნელის გარეშეა.

ვწერდით, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სტეფანო პიოლის კანდიდატურასაც განიხილავდა. ერთიხანობა მისი დანიშვნა ყველაზე რეალურიც კი ჩანდა, მაგრამ შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა რანიერის ვარიანტმა მოხიბლა და მასზე გადაერთო, ამასობაში კი პიოლი „ფიორენტინამ’’ დაიბევა ― სამწლიან ხელშეკრულებას უფორმებს.

რასაკვირველია, პიოლის გადაბირება ჯერ დაგვიანებული მაინც არ არის ― რაც არ უნდა იყოს ეროვნული ნაკრები ეროვნული ნაკრებია. „ალ-ნასრში’’ მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევრო იყო. მწვრთნელს მის შემცირებასთან მოუწევს შეგუება, მაგრამ უცხოელებისთვის საგადასახადო რეჟიმი ივლისის დასაწყისიდან პროცენტს 20-დან 2-მდე შეუმცირებს. რადგანაც ნაკრებს შემდეგი თამაშები სექტემბერში უწევს, ფედერაციას „ფიორენტინასთან’’ შედარებით ნაკლები პრობლემა ექნება.

გრავინა რასაკვირველია სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. „სქაი იტალია’’ იტყობინება, რომ მან უკვე დაურეკა ჯენარო გატუზოს, რომელმაც სპლიტის „ჰაიდუკში’’ მუშაობა დაამთავრა და უმუშევარია. „კორიერე დელო სპორტმა’’ კანდიდატთა შორის დაასახელა ფაბიო კანავარო და დანიელე დე როსიც.