ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ათი დღის შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად დაასახელა ორი ლოკაცია ილ დე ფრანსის რეგიონში (რეგიონი შედგება რვა ადმინისტრაციული დეპარტამენტისგან, რომელთა შორის ერთი პარიზია, ერთიც სენ დენი, რომელშიც ცნობილი „სტად დე ფრანსი’’ მდებარეობს), სადაც ახალ სტადიონს ააგებს. ლაპარაკია სარბიელზე რომლის ტევადობა იქნება 60-დან 90 ათასამდე. ჯერჯერობით ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას 2026 წლის შემოდგომამდე არ მიიღებენ.

ამრიგად, მას მერე, რაც პარიზის მერმა ან იდალგომ „პარკ დე პრენსის’’ მიყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა, პსჟ-მ გადაწყვიტა ახალი ბინა მოძებნოს, რომელიც მას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კლუბს, ძალიან სჭირდება.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორიანო მელერომ Les Echos-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მიზანი ჩემპიონთა ლიგის კი არა, ჩემპიონთა ლიგების მოგებაა. მათ უნდათ არა მხოლოდ კლუბის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორია შექმნან, რაც ეკონომიკური ძლევამოსილების გარეშე შეუძლებელია, ეს კი ავტომატურად მოითხოვს დიდ სტადიონს. „პარკ დე პრენსზე’’ სეზონური აბონემენტების 98 პროცენტი იყიდება, იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის დიდ ეკრანზე ნახვის ბილეთები 48 საათში გაიყიდა, 12 საათში კი გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმზე დასასწრები ბილეთები გათავდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „პარკი’’ პსჟ-თვის უკვე ძალიან პატარაა.

ახალი სარბიელის ასაგებად თავიდან ხუთი ტერიტორია შეარჩიეს. ზოგი კლუბს მოეწონა, ზოგმაც თავად შეიტანა განაცხადი. საბოლოოდ, ორი ფინალისტი უნდა დარჩეს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ოფიციალურად ითქვა, რომ იკვეთება ორი ლიდერი: პუასიში 75 ჰექტარი და მასიში 20 ჰექტარი. ეს ორი ტერიტორია პარიზული კლუბის მოთხოვნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. ადვილი მისადგომობის თვალსაზრისით, პუასი უკეთეს ადგილზეა: მას A13 და A14 ავტომაგისტრალები უდგება, გადის სხვადასხვა რკინიგზის ტრანსპორტი და ასე შემდეგ. თუმცა, რკინიგზის ტრანსპორტის თვალსაზრისით შესაძლოა მას მასი სჯობდეს. აქ გადის მეტრო, ტრამვაი და RER-ის ორი ხაზი.

ორივე ლოკაცია ახლოსაა „პარი სენ ჟერმენის’’ საწვრთნელ ბაზასთან. მართალია ერთი შეხებით სხვაობა დიდია (პუასი ბაზიდან სულ 6 კილომეტრშია, მასი კი 38-ში), მაგრამ ისიც კლუბისთვის მისაღებ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მართალია, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ამ ორ ტერიტორიაზე შეჩერდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, როგორც მოგახსენეთ, 2026 წლის შემოდგომაზე მიიღებს. ამდენი დრო კლუბს დადებითი და უარყოფითი მხარეების ასაწონ-დასაწონად სჭირდება და ცხადია, აქ მარტო ადგილმდებარეობის შესწავლაზე არ არის ლაპარაკი. შესასწავლია ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პერსპექტივები და სხვა.

თუმცა, არის ფეხის ათრევის კიდევ ერთი მიზეზი: 2026 წლის შემოდგომამდე პარიზში ახალი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება და ვინ იცის ახალ ადმინისტრაციასთან „პარკ დე პრენსზე’’ ხელახლა დალაპარაკებასაც გაუჩნდეს აზრი.