იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მოლდოვასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ RAI-ს ინტერვიუ მისცა. ამ გამარჯვების წყალობით „სკუადრა აძურამ’’ მსოფლიოს ჩემპიონატის I შესარჩევ ჯგუფში 3 ქულა ჩაიწერა და მესამე ადგილზეა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეეცილოს პირველ ადგილს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც 4 თამაშიდან 4 მოგებით ურყევად უკავია პირველი პოზიცია.
„დღესაც გაგვიჭირდა, მაგრამ ამას ბევრი მიზეზი აქვს და ნანახმა ეჭვები გამიმყარა, – თქვა სპალეტიმ, – ფეხბურთელები სეზონის ბოლოს დაღლილები იყვნენ. შესაძლოა უკეთეს ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოთამაშეები რომ მეპოვა, შედეგიც უკეთესი მიმეღო, მაგრამ ფაქტია, რომ ამწუთას ფეხბურთელები გათანგულები იყვნენ, რამაც ოსლოში, გადაუღებელ წვიმაში დიდი დაღი დაგვასვა…
…როდესაც ნაკრებს უდგახარ სათავეში თავის მართლება არ გეპატიება. შენ ფეხბურთელების ფართო არჩევანი გაქვს. როდესაც ერთნი ვერ ამართლებენ, შეგიძლია შეცვალო და სხვები გამოიძახო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემ მიერ გამოძახებული ფეხბურთელები იმას გააკეთებდნენ, რასაც მე მათგან ველოდი და გარკვეული თვალსაზრისით ასეც მოხდა. სამწუხაროდ შთაბეჭდილება ვერ მოვახდინეთ. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა განსხვავება უნდა შექმნან, რაც ჩვენ ვერ შევძელით’’.
სპალეტიმ ფიზიკურ ფორმაზე Sky Sport-თან ინტერვიუშიც დაიჩივლა: „კარგად ვერ ვითამაშეთ. შეხვედრას და საერთოდ ამ შეკრებას ქანცგაწყვეტილები შევხვდით. წარმოუდგენელია გყავდეს გუნდი, რომლის 25 მოთამაშიდან 18-ს ფიზიკური პრობლემა აქვს. ბურთის გადაადგილება მაშინაც გვიჭირდა, როდესაც ის ჩვენს ხელთ აღმოჩნდებოდა…
…გადამწყვეტი როლი ჯაკომო რასპადორიმ ითამაშა. მან პირველი გოლი შეაგდო. ჩახუტება? ის ყველას ეხუტება, დიდი გულის ბიჭია, ყველა უყვარს. მას აქვს უნიკალური უნარი ყოველთვის მაქსიმუმი გაიღოს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც სხვებზე მეტი სარგებელი მოგვიტანა. მინდა მას მადლობა გადავუხადო და შევაქო…
…სირთულეებთან თანაცხოვრება კი ნამდვილად მეხერხება. მთელი ცხოვრება ასე ვარ. როდესაც ვხედავ, რომ ვინმეს ვეცოდები, მზად ვარ ვურქინო. საშინლად ვბრაზდები. შედეგით რასაკვირველია იმედგაცრუებული ვარ. სამწუხაროდ, ჩემს მემკვიდრეს დიდ ნაკრებს ვერ ვუტოვებ. მე შანსი მომცეს და ყველა ღონე ვიხმარე. რაღაცებში შევცდი, რამდენიმე ტესტი ჩავატარე. ვცდილობ ყველაფრისგან ვისწავლო. რასაკვირველია არ ვამტკიცებ, რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ. ვერ შევძელი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი გამომეწურა. ისინი ყველანი საშუალოები არიან. მინდა გითხრათ, რომ თქვენ კიდევ კარგად მომეპყარით, თორემ უარესი შედეგიც შეიძლებოდა მქონოდა. ერთ დღეს ყველაფერს კარგად მოგიყვებით’’.