11 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან პირველ მატჩს გამართავს.

მატჩამდე რამაზ სვანაძემ გუნდი ჟილინაში ავარჯიშა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მეორედ ვმონაწილეობთ. დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა ფასი და გემო აქვს, როდესაც საგზურს საკუთარი შრომით მოიპოვებ – ეს გუნდის ემოციურ ზრდაზე აშკარად აისახება.

იმედია, პოლონეთთან გახსნით მატჩში იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ – მენტალურად, ტაქტიკურად და ხასიათით გამორჩეულს. შედეგიც ისეთი იქნება, როგორსაც ველით.

ბუნებრივია, სამი ცენტრალური მცველის არყოფნა სერიოზული დანაკლისია. ადამიანურადაც გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ გვერდით ის მოთამაშეები არ არიან, ვინც ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა ამ გუნდის და თითოეული მოთამაშის იმედი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს. მთელი გუნდი მზადაა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.

პოლონეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

ხვიჩა კვარაცხელიასა და მერაბ დვალიშვილს წარმატებებს ვულოცავ – იმედია, ივნისის თვეს ისე დავასრულებთ, როგორც ჩვენ გვინდა. დაპირებების გაცემა არ მიყვარს, თუმცა შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

საბა საზონოვი მზად რომ არ იყოს, გუნდში არ იქნებოდა. სავარჯიშო პროცესში თავი კარგად წარმოაჩინა. სამი მცველით დიდი ხანია არ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ვართ და არაფერს გამოვრიცხავთ. თუ წარმატება გვინდა, ყველა სათამაშო სქემას უნდა მოვერგოთ და შევძლოთ ნებისმიერ ვითარებასთან ადაპტაცია“, – განაცხადა სვანაძემ.

საქართველოს ნაკრები ევრო 2025-ზე პირველ შეხვედრას პოლონეთთან 11 ივნისს ჟილინას სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კობა ინასარიძე,

სპეციალურად „სარბიელისთვის“ ჟილინიდან