Khvicha KVARATSKHELIA of Paris Saint-Germain and Fabián RUIZ of Paris Saint-Germain celebrate after scores during the Ligue 1 MCDonald's match...ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდებულია, მაგრამ როდესაც გუნდი მთელი მსოფლიოს თვალწინ გაიბრწყინებს, მისი ფეხბურთელები სხვა მდიდარი კლუბების სამიზნეები ხდებიან. ასეა „პარი სენ ჟერმენიც’’. ფრანგულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ „ბაიერნს’’ ძალიან მოსწონს მისი 22 წლის თავდამსხმელი ბრედლი ბარკოლა, რომელიც ლეროი სანეს შემცვლელად სჭირდება. სანე შესაძლოა გერმანული კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს.

„სქაი ჯერმანის’’ ჟურნალისტები ავრცელებენ ცნობას, რომ „რეკორდმაისტერი’’ ფლანგის მოთამაშეს ეძებს. ბუნდესლიგაში სივრცეები ზოგიერთი სხვა ტოპ-ლიგის მსგავსად უკიდურესად ჩაკეტილი არ არის და მოწინააღმდეგის დაცვაში ქაოსის დამთეს ფეხბურთელს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. სხვა საქმეა, რომ საეჭვოა „პარი სენ ჟერმენის’’ ხელმძღვანელები შეელიონ მოთამაშეს, რომელიც ლუის ენრიკეს ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიაჩნია.

„ბაიერნი’’ ცხადია მარტო ბარკოლას ვარიანტს არ განიხილავს. მის რადარებში მოქცეულები არიან „ბილბაოს’’ ნიკო უილიამსი, „ბრაიტონის’’ კაორუ მიტომა, „მილანის’’ რაფაელ ლეაო და „ლივერპულის’’ კოდი გაკპო.

„ბაიერნზე’’ მეტი ფულის შეთავაზება კი ცხადია არაბეთის კლუბებს შეუძლიათ. როგორც სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს, კრიშტიანუ რონალდუს კლუბ „ალ-ნასრს’’ პარიზელთა ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი მოსწონს. ფაბიან რუისი ლუის ენრიკესთვის ბარკოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კონტრაქტის თანახმად მან პსჟ-ში 2027 წლამდე უნდა დაჰყოს, მაგრამ ის უკვე 29 წლისაა და თუ საუდელებმა ძალიან დიდი ფული შესთავაზეს, შესაძლოა მოიხიბლოს კიდეც.