
ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. დღეს „სკუადრა აძურა’’ მისი ხელმძღვანელობით მოლდოვასაც უმასპინძლებს და ამით დასრულდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გადაწყვიტა ნაკრების პრეს-კონფერენციაში მიეღო მონაწილეობა და საზოგადოებისთვის შექმნილი რთული მდგომარეობა აეხსნა.
სპალეტის სამსახურიდან გაშვება იტალიური ფეხბურთის შეფებს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ შეხვედრაში ნორვეგიასთან 0:3 წაგებამ გადააწყვეტინა. გაჩნდა შიში, რომ „სკუადრა აძურა’’ შეიძლება ზედიზედ მესამედ დარჩეს მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა.
ვინ შეცვლის ლუჩანო სპალეტის? ამბობენ, რომ მთავარი კანდიდატი არის სტეფანო პიოლი. ბოლოს ანუ იანვარში, როდესაც პიოლიმ ნაკრების თემაზე ილაპარაკა, ის ჯერ კიდევ „ალ-ნასრის’’ თავკაცი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მაშინ „მილანის” ყოფილმა მწვრთნელმა თქვა: „მომავალში სიამოვნებით ვიქნები ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ჯერჯერობით ყოველდღიური მუშაობა უფრო მომწონს და ამიტომ საკლუბო ფეხბურთში დავრჩები’’.
კლაუდიო რანიერი, რომელიც ასევე მოიაზრებოდა სპალეტის შემცვლელად, „რომაში’’ მთავარ მრჩეველად მუშაობს. მას იტალიის დედაქალაქის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. რანიერიმ რამდენჯერმე ისიც თქვა, რომ აქტიური მწვრთნელობა აღარ აინტერესებს. იტალიური მედია იუწყება, რომ გრავინა მას ტელეფონით მაინც დაუკავშირდა, მაგრამ გამოცდილმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ „რომაში’’ დარჩენა უჯობს.





