ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი 2013 წელს ხუთი ტიტულის მფლობელი გახდა. მან „ბაიერნის’’ შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, კლუბთა მსოფლიოს თასი და ევროპის სუპერთასი. იმავე წელიწადს ის „ოქროს ბურთის’’ გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებთა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე კი კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბურთის’’ ახლანდელი გამოკითხვის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ჯილდო ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა უნდა მოიგოს:
„ვერ გეტყვით წლეულს ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს’’. ალბათ, ჩვეულებრივ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უნდა იგებდეს, მაგრამ ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. საერთოდ, ინდივიდუალური ჯილდოებისა აღარ მწმას, რადგან ვიცი კულისებს მიღმა რაც ხდება. ვფიქრობ, ინდივიდუალური ჯილდოები ანონიმური აღარ არის. „ოქროს ბურთმა” ფასეულობა დაკარგა. წლეულს? ლამინ იამალს შეუძლია მოგება, ისევე როგორც დემბელეს, მბაპეს, ვიტინიას ან რომელიმე სხვა ახალგამოჩენილ ვარსკვლავს.’’.
პორტუგალიელის ასეთმა კომენტარმა რიბერი გააღიზიანა. მან დაპოსტა: „მაშ, ფეხბურთელს „ოქროს ბურთი რომ მისცენ მას იმ წელიწადს ჩემპიონთა ლიგა უნდა ჰქონდეს მოგებული?’’. ტექსტს სიცილის ემოჯები მოსდევდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რიბერი 2013 წელს იხსენებს. მარტში „ეკიპისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:
„იმ წელიწადს „ოქროს ბურთის’’ გარდა ყველაფერი მოვიგე. ჩინებული წელიწადი მქონდა, „ოქროს ბურთი’’ კი სამუდამოდ დარჩება უსამართლობის მაგალითად. დღემდე ველი მაშინდელ ამბავზე ახსნა-განმარტებას. სხვათა შორის, რამდენიმემ სცადა თავისი პოზიციის დასაბუთება. ვერ გამიგია, რატომ გადაწიეს გამოკითხვის ბოლო ვადა ორი კვირით. ფორმატი დღევანდელის მსგავსი რომ ყოფილიყო, მე გავიმარჯვებდი. მესი და რონალდუ ჩემს მიმართ ყოველთვის პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულები. იცოდნენ, რომ მათ სუფრასთან ვიჯექი. და დიდი მოკრძალების მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ 2013 წელს მე მათი ნამდვილად არაფერი მშურდა’’.