ხვალ იტალია მოლდოვას მასპინძლობს. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი I ჯგუფის მატჩია. ჯგუფს სამი თამაშიდან სამი მოგებით ნორვეგია ლიდერობს, მეორეზე სამიდან ორი მოგებით და ერთი მარცხით ისრალია, მერე ერთი მოგებით და ორი წაგებით ესტონეთი მოდის, იტალია კი მეოთხეა ― ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ნორვეგიაში 0:3 წააგო. ორი წაგებით ბოლო ადგილზეა მოლდოვაა.
იტალია ჯგუფიდან საბოლოოდ ალბათ მაინც გავა, მაგრამ პირველი ადგილის საქმე უკვე რთულადაა, მეორე ადგილი კი მუნდიალის საგზურს ავტომატურად არ იძლევა. იტალიელი მიმომხილველები ოსლოში წაგებული მატჩის ანგარიშზე მეტად გუნდის უსუსურ თამაშს განიცდიან. პრესაში წერენ, რომ „სკუადრა აძურა’’ იყო უგულო, უსულო და მოსაწყენი, რაშიც ბრალს მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სდებენ. ამრიგად, მართალია ხვალ მოლდოვასთან იტალიელთა ეროვნულ გუნდს ისევ ჩერტალდოელი უხელმძღვანელებს, მაგრამ აპენინებზე მისი შემცვლელის შესახებ უკვე აქტიურად ლაპარაკობენ და სტეფანო პიოლის კანდიდატურასაც ასახელებენ.
ზედიზედ მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე ვერ გასვლით შეშფოთებული იტალიელები ამბობენ, რომ შარშანდელი ევროდან მოყოლებული არის ეჭვი, რომ ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელები „სპალეტის აღარ ეკუთვნიან“. ზუსტად რას ნიშნავს ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ გუნდს რომ ხასიათი დაკარგული აქვს, ფაქტია.
ადრე ბევრს ლაპარაკობდნენ კლაუდიო რანიერის შესახებ, მაგრამ მან 2024 წელს „რომაში“ მუშაობა ამჯობინა და დღესაც დედაქალაქის კლუბშია მრჩეველის თანამდებობაზე.
კიდევ ერთი კანდიდატია დანიელე დე როსი, რომელიც 2021 წელს ევროპის წარმატებულ ჩემპიონატზე რობერტო მანჩინის ასისტენტის რანგში იყო და შესაბამისად ფეხბურთელთა ახლანდელი თაობის დიდ ნაწილს ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ ამბობენ, რომ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ დანიშნავენ.
ამრიგად, თუკი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას ნაკრების მწვრთნელი ახლავე ეყოლება შესაცვლელი, ყველაზე დიდი ალბათობით არჩევანს პიოლიზე შეაჩერებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო კონტაქტი ფედერაციას სწორედ მასთან ჰქონდა.
პიოლიმ „ალ-ნასრი“ დატოვა და ახლა „ფიორენტინას“ მწვრთნელის თანამდებობას ელოდება. თუკი მას იტალიის ნაკრების თავკაცად დანიშნავენ, რთულ ამოცანასთან მოუწევს შეჭიდება, მაგრამ პიოლის ძლიერ მხარედ სწორედ ხალხთან ურთიერთობა ითვლება, ეს კი ის არის, რასაც სპალეტის საყვედურობენ.