„ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ერთი კვირის თავზე ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურებდი, ― წერს იტალიური საიტის calciomercato-ს მიმომხილველი სანდრო საბატინი, ― ერთადერთი, დონარუმა იყო ჩვენთან. ის გასული შაბათის მსგავსად მატჩს პრივილიგირებული სტუმრის სტატუსით აღარ ადევნებდა თვალს. მეტოქე კი ამჯერად არა დიდი, წვრილი და ამომავალი ვარსკვლავებით სავსე „პარი სენ ჟერმენი’’, არამედ ნორვეგიის ნაკრები იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ერთი კვირის, უფრო ზუსტად კი ექვსი დღის შემდეგ, ჩვენ იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი სამარცხვინო, მძიმედ საყურებელი და უმსგავსო საღამოს მოწმენი გავხდით. ეს იყო დიდი მარცხი, რომელიც შეგვიძლია მხოლოდ იტალია-შვედეთისა და იტალია-მაკედონიის თამაშებს შევადაროთ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენად დაგვიჯდა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება, თორემ ის, რაც ოსლოში ვნახეთ ნებისმიერ სხვა პრეცედენტზე უარესი იყო’’.
ასეთი გახლავთ ნორვეგიის ნაკრების მიერ „სკუადრა აძურას’’ 3:0 დარბევის იტალიური აღქმა. ერლინგ ჰოლანდმა და მისმა თანაგუნდელებმა I ჯგუფში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს, თან, ამჯერად მთავარ კონკურენტთან და 1998 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოხვედრის საქმე ფრიად წაიგდეს წინ.
იტალიის ნაკრებისთვის ეს იყო ყველა შეჯიბრებაში მიჯრით მეოთხე შეხვედრა გამარჯვების გარეშე.
ნორვეგიელებს პირველ ორ შესარჩევ შეხვედრაში 9 გოლი ჰქონდათ გატანილი და იტალიასთანაც რიხით განაგრძეს. გოლები გაიტანეს ალექსანდერ სორლოთმა (მე-14 წუთი), ანტონიო ნუსამ (34-ე წუთი) და ერლინგ ჰოლანდმა (42-ე წუთი).
„ვართ კი დარწმუნებულები, რომ ლუჩანო სპალეტი ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელია? ― განაგრძობს საბატინი, ― ეს კითხვა ერთი შეხედვით შეიძლება მკრეხელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ აქ მის ტექნიკურ კომპეტენტურობას, ტაქტიკურ ოსტატობას ან მთელი პროგრამის ფასეულობას არ ვაყენებთ ეჭვქვეშ. საკამათო მნიშვნელოვან შეხვედრებში მიღწეული შედეგებია. გაიხსენეთ ვთქვათ ევროპის ჩემპიონატი ან გერმანიასთან ერთა ლიგის ფლეი-ოფი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იტალია (სპალეტის ხელში), როდესაც დასაკარგი არაფერი აქვს ღირსეული ნაკრებია — მაგალითად, ევრო 2024-ის შემდეგ პირველივე მატჩი საფრანგეთთან. სამაგიეროდ, როდესაც შეხვედრის დიდი ფასი აქვს, სპალეტი ყველა გამოძახებულ ფეხბურთელს აავადებს. ზეწოლა თავიდან დაძაბულობას იწვევს, შემდეგ შიშს, ბორძიკს და ბოლოს უმარტივეს სიტუაციებშიც კი მარტივი პასების გადაწოდებისა და ელემენტარული პრესინგის გამოყენების უნარის დაკარგვას. მოდი, მკაფიოდ ვთქვათ: დღეს ჩვენ ფენომენალური ფეხბურთელების ან თუნდაც ბუნებით ჩემპიონების გუნდი არ გვყავს, მაგრამ ასეთი არც ნორვეგიაა. და ყველაფერს აქვს საზღვარი, სირცხვილსაც კი. ეს კი ყველას ეხება. გამონაკლისი თვით სპალეტიც არ არის’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
