Gianluigi Donnarumma of Paris Saint-Germain punches clear from a corner kick during the Paris Saint-Germain V Manchester City, UEFA Champions League,...„პარი სენ ჟერმენი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ ამიერიდან „ერთ ლიგაში’’ არიან. თავის დროზე ორივე კლუბი არაბებმა იყიდეს და წლების განმავლობაში დიდძალი ფულის ხარჯვის შედეგად ბოლოს და ბოლოს ორივემ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „სიტიმ’’ იგივე პროგრამა პსჟ-ზე ორი წლით ადრე შეასრულა. ფინალში ორივემ ერთი და იგივე მეტოქე დაამარცხა — „ინტერი’’. განსხვავება ანგარიშშია. მანჩესტერელებს გაუჭირდათ, 1:0 მოიგეს, პსჟ-მ კი „როსონერი’’ 5:0 გადაუარა.

ფრანგულ საიტ maxifoot-ს მოჰყავს „მანჩესტერ სიტის’’ მწვრთნელის პეპ გვარდიოლას კომენტარები ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალთან დაკავშირებით.

„ვაუ! ასეთ შედეგს არ ველოდი, ― თქვა გვარდიოლამ, ― განვითარების ტრაექტორიიდან გამომდინარე პსჟ ფავორიტი იყო, მაგრამ „ინტერი’’ ყოველთვის მძლავრი მოწინააღმდეგეა. მე ახლაც ვფიქრობ, რომ მილანელებს ფანტასტიკური გუნდი ჰყავთ, უბრალოდ პსჟ-ს წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა. მან ტოპ-დონეს მიაღწია და რაც მთავარია, მიაღწია წლების წინ დასახულ მიზანს. ორი წლის წინ ჩვენც ასე ვიყავით…

…იმისათვის, რომ „ინტერი’’ 5:0 დაამარცხო ბევრი რამ უზადოდ უნდა გააკეთო. პარიზელებმა სოლიდურად ითამაშეს, მეტოქეს ბევრი მომენტი არ შეაქმნევინეს. ერთადერთი, საიდანაც „ინტერი’’ ამწვავებდა, სტანდარტული მდგომარეობები იყო. პარიზელებმა თავი პოზიციური თამაშით და გადასვლებითაც გამოიჩინეს. ისინი მაღალი პრესინგის დროს აგრესიულები იყვნენ…

…ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი სწორედ მაღალი პრესინგი იყო, რადგან ჩვეულებრივ „ინტერს’’ ბურთი დაცვიდან კარგად გამოაქვს, რაც დიდწილად მათი მეკარის იან ზომერის დამსახურებაა. ზომერს ბურთის განაწილება ჩინებულად ეხერხება, თუმცა ამ შეხვედრაში ოსმან დემბელე ძალიან აგრესიული იყო და თავისი წნეხით მეტოქეს თამაშის დაცვიდან დალაგების საშუალებას არ აძლევდა. პარიზელები მეტად აგრესიულები იყვნენ ფლანგებზეც, არაფერი რომ ვთქვათ მათი ნახევარმცველების დიდებულ თამაშზე…

…პსჟ-მ უმაღლესი დონის გუნდი შეკრა, მაგრამ ახლა მისი დამარცხება ყველა მეტოქეს განსაკუთრებით მოუნდება (იცინის). ამას ჩვენც შევეცდებით’’.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ ჩემპიონთა ლიგის ახლახან დასრულებულ გათამაშებაში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ლიგის ეტაპის ბოლოს მოხდა. მატჩს, რომელიც „პარკ დე პრენსზე’’ გაიმართა ფაქტობრივად ფლეი-ოფის დატვირთვა ჰქონდა. თავიდან ინგლისური გუნდი დაწინაურდა (2:0), მაგრამ პარიზელებმა ოთხი გოლით უპასუხეს და… დანარჩენი ისტორიისთვის კარგად არის ცნობილი.