2025 წლის ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის მეტოქე იქნება ესპანეთი: შტუტგარტში მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლა როხამ’’ საფრანგეთის ნაკრებს 5:4 მოუგო. ეს თამაში შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. ესპანეთი ზედიზედ მესამედ გავიდა ერთა ლიგის ფინალში.
საინტერესოა, რომ 55-ე წუთისთვის ანგარიში იყო 4:0 ესპანეთის სასარგებლოდ. გოლები გაიტანეს ნიკო უილიამსმა, მიკელ მორენომ, ლამინ იამალმა (პენალტით) და პედრიმ. ამას 4 წუთში მოჰყვა კილიან მბაპეს შედეგიანი საპასუხო პენალტი, მაგრამ 67-ეზე იამალმა კიდევ ერთი ესპანური გოლი შეაგდო – 5:1. თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ 79-ე წუთზე რაიან შერკიმ, 84-ზე დანი ვივიანმა ავტოგოლითა და 90+3-ზე რანდალ კოლო მუანიმ მატჩი ცხრაგოლიანად აქციეს.
საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ლამინ იამალი, რომელიც უეფას დამკვირვებელთა ჯგუფმა დაახასიათა როგორც მონაწილე, რომელმაც ორი გოლი გაიტანა, თუმცა, ექსპერტების აზრით გოლებზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბარსელონელი ასაკის კვალობაზე ძალიან დაღვინებულ ფეხბურთს თამაშობდა და შეტევაში მუდამ სახიფათო იყო.
მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა: „კმაყოფილი ვარ. მიყვარს რთულ მდგომარეობებში მოხვედრა. სირთულეების დაძლევის გარეშე სპორტი ჩემთვის გაუგებარია. როდესაც ერთმანეთს დღევანდელივით ორი დიდი გუნდი უპირისპირდება, მომენტების მაღალი რეალიზაცია ნორმალური ამბავია. ჩვენ ყოველი მატჩისგან უნდა ვისწავლოთ და დღევანდელ შეხვედრასაც დადებითი მხრიდან უნდა შევხედოთ’’.
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი: „დღევანდელი მატჩიდან ბევრი დადებითის წაღება შეიძლება. გრძნობების და აზრების ნაზავი მაქვს. პირველი 20 წუთი თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ როდესაც ხუთ გოლს უშვებ, ესე იგი რაღაცას სწორად ვერ აკეთებდი. მეტოქე უფრო ეფექტური იყო. ჩვენ ორი ათწუთიანი მონაკვეთი გვქონდა, დანარჩენ დროს კი ისინი გვჯობდნენ’’.