ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლის გატანიდან სამი დღის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს დეზირე დუეს 20 წელი შეუსრულდა. ახალგაზრდა ვარსკვლავი დღეობას კლერფონტენში, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე შეხვდა.

დუეს ასაკთან შედარებით უჩვეულოდ გაზრდილს უწოდებენ და წერენ, რომ მან დაბადების დღის საჩუქარზე თავად იზრუნა ― სამი დღით ადრე „ინტერს’’ ორი გოლი გაუტანა.

დიდიე დეშამმა პარიზელთა ფორვარდი ერთა ლიგის თამაშებისთვის გამოიძახა. ფრანგებს ხუთშაბათს ესპანეთთან აქვთ ნახევარფინალი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, თუ როგორ მიულოცეს „ლურჯების’’ ნაკრების ფეხბურთელებმა დაბადების დღე სადილის დროს.

თანაგუნდელებმა დუეს საზეიმო სიმღერა შეუსრულეს, რის შემდეგაც „რენის’’ ყოფილმა მოთამაშემ მათ სიტყვით მიმართა: „დიდი მადლობა ამ ბრწყინვალე ტორტისთვის. მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის. დღეს 20 წლის ვხდები და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც ჩემს თავს ტრიალებს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ნაკრებში გამომიძახეს. დიდი მადლობა მწვრთნელს, დიდი მადლობა გარშემო ყველას’’.

დუეს ნათამაშევი აქვს საფრანგეთის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებ გუნდებში. გახდა 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი. ეროვნულ ნაკრებში კი მან პირველად 2025 წლის მარტში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.