Detailed view of the engraving of "Paris Saint-Germain" onto the UEFA Champions League trophy after Paris Saint-Germain defeat FC Internazionale 5-0...შაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს’’ 5:0 მოუგო და პირველად აღმართა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი. ასე დამთავრდა შეჯიბრების ის გათამაშება, რომელიც უეფამ ახალი ფორმატით ჩაატარა. 2024-25 წლების სეზონში ჯგუფური ეტაპი პირველად შეცვალა ეგრეთწოდებულმა ლიგის ეტაპმა, თუმცა ESPN-ის ინფორმაციით რეფორმები ამით არ მთავრდება და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს შეჯიბრების პირველ ეტაპზე ზედა ადგილებზე გასულ გუნდებს გარკვეული უპირატესობები მიანიჭოს.

მომავალში ფლეი-ოფის ფაზაში (როგორც მერვედფინალში, ასევე მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში) თამაშების განრიგი სწორედ ლიგის ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით განისაზღვრება. გასულ სეზონში პირველ ეტაპზე დაკავებულ ადგილებს მხოლოდ მერვედფინალისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. ლაპარაკია საპასუხო შეხვედრის შინ ჩატარებაზე.

ახლახან დამთავრებული გათამაშების ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ლიგის ეტაპზე მე-3 ადგილზე გასულ „არსენალს’’ მე-15 ადგილზე გასულმა პსჟ-მ უმასპინძლა, ხოლო მე-4 ადგილზე გასულმა „ინტერმა’’ მე-2 ადგილზე გასული „ბარსელონა’’ მიიღო „სან სიროზე’’.

ახალი წესების თანახმად შემდეგი გათამაშებიდან ასეთი რაღაც აღარ მოხდება. გადაწყვეტილება შაბათს, ფინალის წინ გამართულ კლუბთა შეჯიბრებების კომიტეტის სხდომამ მიიღო. ახლა ის უეფას აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

ცვლილება შეეხება ევროპისა და კონფერენციის ლიგებსაც.