საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ში ბოლო ტურიღა დარჩა გასამართი, პრო დ2-ში ფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო „ქართულმა“ „ორიაკმა“ პლეი-ოფში გამარჯვებით ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ტოპ 14
„ტულუქმა“ ჩელენჯ თასის ფინალისტ „ლიონს“ დამაჯერებლად, 43:3 მოუგო და მდევარ „ბორდოს“ მთელი 17 ქულით დაცილდა. ირაკლი აფციაურმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ზედაც ბოლო 7 წუთი წაამატა.

მეორე ადგილისთვის ორი მებრძოლი კი ტულონში შეხვდა ერთმანეთს. „ტულონმა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოს“ 27:10 მოუგო, ერთქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა და აქ ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, სადაც „ბორდო“ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „ვანს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტულონი“ „ბაიონს“ ესტუმრება, რომელიც პლეი-ოფის პირველ წრეში კომფორტული მე-4 ადგილის დასაკავებლად იომებს.
ცხრილის მე-5 ადგილზე „კასტრია“, რომელმაც ლევან ჩილაჩავას დახმარებით ხსენებულ „ბაიონს“ ბონუსით სძლია – 33:3, მეექვსეზე კი „ლა როშელია“, რომელმაც ასევე ბონუსით ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პერპინიანს“ აჯობა – 38:15. მასპინძელთა სასტარტოში ნიკა სუთიძე და სანდრო ქუნთელია იყვნენ, ხოლო „არლეკინებს“ შორის პირველი ნომერი გიორგი თეთრაშვილი გახლდათ.
„ლა როშელს“ 3 ქულით „კლერმონი“ ჩამორჩება, რომელმაც გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფ „სტად ფრანსეს“ ბონუსით მოუგო – 55:20, ანუ ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში გასვლის გარკვეულ შანსებს „ვულკანებიც“ ინარჩუნებენ. აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ახალაძე იყო, ხოლო პარიზელთა შორის მეორე ტაიმში გიორგი მელიქიძე გამოჩნდა.
„რასინგ-92“-მა და „მონპელიემ“ არაფრისმომცემი მატჩი 25:27 დაასრულეს და პარიზელთა შორის პირველიდან 56-ე წუთამდე გურამ გოგიჩაშვილმა ითამაშა, ხოლო გია ხარაიშვილი მარქაფიდან 50-ეზე ჩაერთო.
დაბოლოს, დიდი ალბათობით ლიგიდან გავარდნილმა „ვანმა“ ბასკურ „პოს“ ვერაფერი დაუპირისპირა – 26:52. სტუმართა სასტარტოში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა, 58- ზე კი თამაშში გურამ პაპიძე ჩაერთო.

პრო დ2
შაბათს, 7 ივნისს, ტულუზის „ერნე-ვალონზე“ პრო დ2-ის საჩემპიონო მატჩი გაიმართება, რომლის ფასიც, სიმბოლური საჩემპიონო ტიტულის გარდა, ტოპ 14-ის პირდაპირი საგზურიცაა, თუმცა, დამარცხებულსაც დარჩება ერთი დონით მაღლა ასვლის შანსი, თუ მთავარი ლიგის ბოლოსწინაადგილოსანს აჯობებს. ჰოდა, ამ გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რეგულარული სეზონის გამარჯვებული „გრენობლი“ და „მონტობანი“.
პირველმა თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსს“ დამაჯერებლად მოუგო – 38:17, აი, მონტობანელთა გამარჯვება კი ნამდვილი სენსაციაა. გიორგი შველიძისა და კოტე მიქაუტაძის „ბრივი“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო ვახტანგ ჯინჭარაძის „მონტობანთან“ ჯახში, თუმცა ამ უკანასკნელმა პროგნოზები ააყირავა და 29:13 იმარჯვა.
ბოლოსთვის კი ყველაზე სასიამოვნო ამბავი მოვიტოვეთ: „ორიაკი“ მომდევნო სეზონშიც პრო დ2-ში“ იასპარეზებს. გასულ კვირას გუნდმა, რომლის ღირსებაც ამ სეზონში 8 ქართველმა დაიცვა, თანაც მათი უმრავლესობა პარალელურად ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა, შომბერიში, იგივე სახელწოდების გუნდთან დაპირისპირება იოლად მოიგო – 45:15, ერთი ლელო კი, საკუთარ ანგარიშზე მიხეილ ალანიამ ჩაიწერა. ეს ლელო ალანიასთვის სეზონში მესამე გახლდა, მიშიკოს გარდა კი „ორიაკში“ იმ დღეს გიორგი ქართველიშვილმა და ლუკა ნიორაძემაც ითამაშეს, ხოლო „შომბერიში“ – ნუგზარ სომხიშვილმა, ლაშა ტაბიძემ და გელა მურუსიძემ.