პარიზელები ეტყობა ცრუმორწმუნე ხალხი არ არის. მათ დიდი მსჯელობა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი ზეიმი უნდა მოაწყონ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ადრე ვწერდით, კვირას შუადღისას გუნდი თასით შონზ ელიზეზე ჩაივლის.
„პარიზიენის’’ ინფორმაციით მიუნხენიდან გუნდი შარლ დეგოლის აეროპორტში დღის 4 საათზე ჩაფრინდება, 5 საათზე კი ქალაქის მთავარ გამზირს მიაღწევს და პარადიც დაიწყება. სახალხო ზეიმი თავად კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ ათი დღის წინ მოითხოვა. როგორც ცნობილი გახდა, პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გასულ შაბათს, საფრანგეთის თასის ფინალის დროს, „სტად დე ფრანსზე’’ მისული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაარწმუნა, რომ ზეიმის მოწყობა უპრიანია. „პარიზიენის’’ ცნობით, მაკრონსა და პოლიციის შეფს თავიდან ასეთი ზეიმის ორგანიზება დიდად არ უნდოდათ. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ხელისუფლებამ მაინც დაიტოვა გზა ღონისძიების გასაუქმებლად. მმართველები დააკვირდებიან რა მოხდება გუნდის ჩამოფრენამდე და თუ დაინახავენ, რომ ხალხი არეულობისკენ არის მიდრეკილი, პარადს აკრძალავენ.
2018 წელს, როდესაც საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გუნდმა შონზ ელისე სწრაფად ჩაიარა. ამჟამინდელი გეგმა ისეთია, რომ გამარჯვების შემთხვევაში პსჟ „დიდყურა თასს’’ გამზირზე ძალიან ნელა ჩაატარებს. მარშრუტიც დადგენილია, თუმცა მას დიდი დაგეგმვა არც სჭირდებოდა: შონზ ელიზეზე ეტუალის მოედნამდე ანუ ტრუმფალურ თაღამდე. ორგანიზატორები 110 ათას ადამიანს ელოდებიან.
როგორც ჩანს ზეიმი პარადით არ დამთავრდება. RTL იტყობინება, რომ ხალხთან ერთად დღესასწაულის შემდეგ ფეხბურთელები ელისეს სასახლისკენ გაემათებიან. დაახლოებით 18 საათზე მათ იქ ემანუელ მაკრონი შეხვდება.
სახელმწიფოს მეთაურის ახლო მეგობარმა „პარიზიენს’’ უთხრა: „პრეზიდენტის სამსახური ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს პარიზის პრეფექტურასთან, რათა გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს სახალხო ზეიმის მოწყობა. ბოლოს და ბოლოს მათი მხოლოდ სასახლეში მიღებაც შეიძლებოდა’’.
შემდეგ, 9:30 წუთზე კი ზეიმი „პარკ დე პრენსზე’’ გადაინაცვლებს, სადაც შაბათ საღამოს 48 000 აბონემენტის მფლობელი გულშემატკივარი თამაშს ოთხ გიგანტურ ეკრანზე ნახავს.