ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურში სამი დუბლი შესრულდა და ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერი თბილსის „იბერიაა“ 44 ქულით, მას კვალში გორის „დილა“ მიჰყვება 38 ქულით, სამეულს კი 30-ქულიანი „ბათუმი“ ავსებს.
სხვათა შორის, წინა სეზონში მეორე წრის გამარჯვებული „დილა“ გახლდათ 39 ქულით. „იბერია“ კი მესამე საფეხურზე იდგა და ლიდერს 7 პუნქტით ჩამორჩებოდა.

გაძევებები ვახსენეთ და ორიდან ერთი განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო. „დილამ“ „დინამოს“ შოთა შეყილაძის დუბლით მოუგო. 85-ე წუთზე კი დინამოელთა კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევეს, მასპინძელ გულშემატკივრებთან დაპირისპირების გამო… ჯაბას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინებდნენ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმაც ვეღარ მოითმინა.
მართლაც ძალიან ცუდი ფაქტია. ვის ვის და კანკავას ნამდვილად არ ეკუთვნის ასეთი მოპყრობა. კაცი, რომელიც წესიერების, თავდადებისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოა, არ იმსახურებს ასეთ სიბინძურეს. ამას შემდეგ „დინამოსა“ და „დილას“ ოფიციალური განცხადებებიც მოჰყვა.
ეს ჯაბას მეორე წითელი ბარათი გახლდათ მიმდინარე სეზონში.
შეყილაძეს კი 8 გატანილი გოლი მოუგროვდა და ფოთელ გიორგი აბუაშვილთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
„იბერიამ“ ზედიზედ 30-ე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა წინა სეზონიდან მოყოლებული. ამჯერად მათ „გაგრას“ 3:1 მოუგეს, იური ტაბატაძის დუბლით და ამირან ძაგანიას გოლით. „გაგრას“ კი ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა.
„ტორპედო“ შინ დამარცხდა „გარეჯთან“ – 0:2 და მეოთხედან მეხუთე ადგილზე ჩაინაცვლა. სტუმართა გოლებიდან განსაკუთრებით ლამაზი პირველი გახლდათ, რომელიც ვახო ბედოშვილმა გაიტანა მე-19 წუთზე. 21 წლის ბედოშვილი გარეჯელთა ლიდერად ყალიბდება და აკი რამაზ სვანაძემაც ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა საევროპისჩემპიონატოდ.
თელავში კი ეგრეთ წოდებული 6-ქულიანი მატჩი გაიმართა „თელავსა“ და „სამგურალს“ შორის. ისინი ცხრილის ქვედა ნაწილში მეზობლები არიან და ცხადია, მათთვის ეს შეხვედრა ბევრს ნიშნავდა. თამაში წყალტუბოელებმა მოიგეს 3:1 გიორგი ფანცულაიას დუბლით და ბრაზილიელი ვინისიუსის გოლით.
პირველი ბურთი ფანცულაიამ მე-20 წამზე გაიტანა, რომელიც ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. (მანამდე ასეთი გარეჯელთა კამერუნელი ფრანსუა ეკონგოლოს გოლი გახლდათ, რომელმაც მესამე ტურში „სამგურალს“ 73-ე წამზე გაუტანა). ფანცულაიამ ორივე ბურთი ლუკა ხორხელის გადაცემებით შეაგდო.
ახლა ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდება და მატჩები 2 აგვისტოს განახლდება.
დილა 2:1 დინამო
0:1 ასუნსეუ (19), 1:1, 2:1 შეყილაძე (45+1, 52)
გაძევება: კანკავა (85) – დინამო
ტორპედო 0:2 გარეჯი
0:1 ბედოშვილი (19), 0:2 კუხიანიძე (84)
თელავი 1:3 სამგურალი
0:1 ფანცულაია (1), 1:1 ცეცხლაძე (15), 1:2 ფანცულაია (35), 1:3 ვინისიუსი (68)
იბერია 3:1 გაგრა
0:1 გეგეჭკორი (29), 1:1, 2:1 ტაბატაძე (34, 36), 3:1 ძაგანია (87)
ბათუმი 2:0 კოლხეთი
1:0 პაულაუსკასი (40), 2:0 ფოფანა (48)
გაძევება: გიუნაშვილი (6) – კოლხეთი