5 და 8 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – „ჯვაროსნები“ თბილისში ფარერის კუნძულების ნაკრებს, ხოლო ქუთაისში კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ამას გარდა საქართველო ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ორ განსხვავებულ გუნდთან ვითამაშებთ. ფარერის კუნძულების ნაკრები უფრო ძალისმიერ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო კაბო ვერდეს განსხვავებული ფეხბურთელები ჰყავს და აქცენტს კომბინაციურ თამაშზე აკეთებენ. ვეცდებით, მოახლოებული თამაშებისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.

ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრები პირველად ითამაშებს ქუთაისში და ეს ძალიან კარგია. ეროვნული ნაკრები მთელი ქვეყნისაა. ბათუმისა და გორის შემდეგ, ახლა ქუთაისში მივდივართ და ამით ბედნიერი ვარ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ვერ დავესწრები, რადგან მატჩი ჩვენი შეკრების დაწყებას ემთხვევა, თუმცა აუცილებლად ვუყურებ თამაშს. ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას ვუსურვებ, რადგან საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება დაუვიწყარი მოგონება იქნება მისთვის.

ივნისის ამხანაგურ მატჩებში კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. მოახლოებულ თამაშებში ჩემთვის ტაქტიკაზე და სათამაშო ფორმაციაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშებთ ბურთით და უბურთოდ. ასევე, მსურს, რომ გადატვირთული სეზონის შემდეგ ფეხბურთელებმა დაისვენონ და სექტემბერს სრულფასოვან ფორმაში შეხვდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად გრძელი და დატვირთული გზის გავლა გვიწევს, სადაც ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება“.

 ალექსანდრე იაშვილი: „ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვითამაშებთ. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ასეთი დონის ტურნირზე მარტივი მეტოქე არ არსებობს. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რადგან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ნაკრებების მუდმივი წინსვლა და განვითარება გვსურს.

ბუნებრივია, სიახლეს ყოველთვის განსხვავებული შეფასება მოჰყვება. პირადად მე, ძალიან მომწონს ჩვენი ნაკრების ახალი ფორმა, ბევრი დადებითი შეფასებაც მოვისმინეთ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების საყვარელი მაისური გახდება და ძალიან ბევრი მოვა თამაშზე ახალი ფორმით“.