დღეს მილანში, „ინტერის’’ ბანაკში სრული კონცენტრაციაა. „პარი სენ ჟერმენთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ სხვა საკითხებზე ენერგიას არავინ ხარჯავს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ბოლოხანს სიმონე ინძაგიმ ქარაგმულად და მინიშნებებით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ფინალი, შესაძლოა „ნერაძური’’ დატოვოს. calciomercato-ს მიმომხილველის ანდრეა დისტასოს აზრით კლუბი ხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის ამთავითვე უნდა მოემზადოს.
ერთი წლის წინ „ინტერში’’ ბევრი რამ შეიცვალა. სტივენ ჩანმა და მისმა Suning-მა კლუბის ვალი ვერ დაფარეს და ასპარეზი ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Oaktree-ს დაუთმეს, რომელსაც ორგანიზაციების, მათ შორის ფეხბურთის კლუბის მართვა როგორც ჩანს უკეთ ეხერხება. მისი პროექტები სამომავლოა. ამერიკელებს არ ეშინიათ ისეთი მწვრთნელების და ფეხბურთელების აყვანა, რომლებიც ერთ-ორ წელიწადში შეიძლება ძვირად ვერც კი გაყიდონ. დისტასო იმედოვნებს, რომ რაკი კლუბის აღმასრულებლემა დირექტორმა ბეპე მაროტამ წლეულს უკვე შეძლო Oaktree-ს სტილში „ზროვნება და ახალგაზრდობის გამოცდილებასთან შეზავება, მომავალში „ინტერის’’ საქმე კიდევ უფრო უკეთ იქნება.
ჟურნალისტი წერს, რომ დისკუსია სიმონე ინძაგის გარშემოც სწორედ ამ, მათავარი საკითხის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ის ამბობს, რომ ინძაგიმ ჯერ „ლაციოში’’, შემდეგ კი „ინტერში’’ დაამტკიცა, რომ ჩინებული ტაქტიკოსი და პედაგოგია. წლეულს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით მან თამასა ევროპულ დონეზე აწია. შეგახსენებთ, რომ ეს ფინალი ინძაგისთვის ბოლო სამ წელიწადში მეორეა. გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ მისთვის ზედიზედ მეორე ფინალის წაგება წარმოუდგენელია.
და მაინც, ლაპარაკია იმაზე, რომ სეზონის ბოლოს მწვრთნელმა „ინტერი’’ შეიძლება დატოვოს, ხოლო მაროტამ ახალი კანდიდატები შეარჩიოს. სავარაუდოდ, მას ახალი კანდიდატები უკვე ჰყავს კიდეც შერჩეული. ერთი მათგანი არის ანტონიო კონტე, რომელიც დიდი ალბათობით „ნაპოლიდან’’ წავა. მის ადგილს „სტადიო მარადონაზე’’ სავარაუდოდ მასიმილიანო ალეგრი მივა.
კონტეს ახალ ადგილებთან სწრაფი ადაპტაციის უნიკალური უნარი აქვს. გარდა ამისა, ის და მაროტა „იუვენტუსში’’ უკვე მუშაობდნენ ერთად და ეს დიდი პლიუსია.
„ბ’’ გეგმა კი „სან სიროზე’’ სესკ ფაბრეგასის მოწვევა გახლავთ. დისტასოს აზრით ეს საინტერესო იდეაა, რომელიც საფეხბურთო ფილოსოფიის თვალსაზრისით კონტეს ვარიანტისგან ძალიან განსხვავდება. ფაბრეგასმა „კომოში’’ ყველას აჩვენა, რომ ფეხბურთელების უნარების განვითარების უნარი აქვს. მას შეუძლია კლუბს შეუკვეთოს ახალგაზრდა მოთამაშეები და მათგან მაღალი დონის პროფესიონალები დააყენოს. ეს მიდგომა ფინანსური თვალსაზრისითაც საინტერესოა.