ევროპული რაგბის მთავარი საკლუბო ტურნირი ფრანგულმა „ბორდომ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ნორთჰემპტონ სეინთსი“ დაამარცხა. რანგით მეორე ევროტურნირზე – ჩელენჯ თასზე კი პირიქით მოხდა – ინგლისურმა კლუბმა ფრანგულს აჯობა, კერძოდ, „ბათმა“ ქართველების „ლიონს“ სძლია. პარალელურად პრო დ2-ში პლეი-ოფი დაიწყო…
ჩემპიონთა თასი
ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა თავის მესამესაჩემპიონთათასო ფინალში მეორე ტიტულის მოპოვებას ლამობდა, მაგრამ „წმინდანებმა“ ვერაფერი მოუხერხეს უმძლავრს „ბორდოს“, რომელმაც ისტორიაში პირველივე ევროფინალი დამაჯერებლად მოიგო – 28:20. ანგარიში ლოგიკურია, რადგან ბორდოელებმა ტაქტიკურად უფრო გამართული და ზოგ ეპიზოდში ელეგანტური რაგბიც კი ითამაშეს, რაშიც უმთავრესი წვლილი ღერძმა შეიტანა – კაპიტანმა მაქსიმ ლუკუმ და მგეზავმა მატიე ჟალიბერმა.
„ბორდოს“ ესპუარი ქართველები ამ ბუმბერაზი გუნდის ძირითად შემადგენლობაში წლეულს ვერ გარეულან, თუმცა ფინალს ქართველის გარეშე მაინც არ ჩაუვლია – ნიკა ამაშუკელმა ჩვეულ უმაღლეს დონეზე იმსაჯა თავის კარიერაში პირველი დიდი ფინალი და კარგი შეფასებებიც მიიღო. ნიკა არც მკაცრ ზომებს მოერიდა – ყვითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა და საბოლოოდ უფრო დისციპლინირებულმა ბორდოელებმა მოიგეს კიდეც.
ჩელენჯ თასი
ამ ტურნირის ფინალში მონაწილეობა სამმა ბორჯღალოსანმა მიიღო, თუმცა, არც ერთ მათგანს, ისევე როგორც დანარჩენ 20 ლიონელს თამაში არ წაუვიდა.
ვერავინ იტყვის, რომ „ბათმა“ ჯილდო დაუმსახურებლად მოიპოვა – ეს ინგლისური გუნდი შიდა ჩემპიონატის ლიდერია და კარდიფშიც საუცხოო რაგბი ითამაშა. ინგლისელებმა „ლიონს“ უმთავრესად ღონით აჯობესდ, თუმცა არც ფრანგული კლუბის ძლიერ მხარეში ჩამორჩნენ მეტოქეს და არანაკლებ სწრაფი რაგბი ითამაშეს.
შეიძლება ითქვას, რომ „ლიონს“ ოდნავ არ გაუმართლა, როცა პირველი ტაიმის დასკვნით შეტევაში, ორკაციანი რიცხობრივი უპირატესობა ფრანგებმა თითქოსდა გამოიყენეს და თავისი მეორე ლელო მიითვალეს, მაგრამ შოტლანდიელმა ქალმა რეფერი ჰოლი დევიდსონმა მცველის ბლოკირება შენიშნა და ანგარიში 17:5 დატოვა „ბათის“ სასარგებლოდ. მეორე ტაიმში ინგლისელების შეჩერება მეტად გართულდა და ნათელი გახდა, რომ „ბათი“ ისტორიაში მეორედ გახდებოდა ჩელენჯ თასის მფლობელი. ასეც მოხდა – 37:12 და ინგლისურ-ფრანგული ისტორიულ დაპირისპირებაში ალბიონელები 13:12 დაწინაურდნენ ჩელენჯ თასის მოგების რაოდენობით. ჩემპიონთა თასზე კი ფრანგებმა უპირატესობა 13:10-მდე გაზარდეს.
რაც შეეხება ქართველებს, ბორჯღალოსანთა კაპიტანმა ბექა საღინაძემ პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა, დავით ნინიაშვილი ფინალურ სასტვენამდე 9 წუთით ადრეღა დაასვენეს, ხოლო ირაკლი აფციაური 54-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. სამწუხაროდ, მაგარ ფორმაში მყოფმა ბექა შვანგირაძემ ზედ მატჩის წინ მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციოც კი გახდა.
ტოპ 14
აქ ერთი მატჩი შედგა – 22-ე ტურიდან გადმოტანილ შეხვედრაში „კასტრმა“ „კლერმონს“ 34:29 მოუგო და მოწინავე ექვსეულში ვითარება საბოლოოდ აირია – პლეი-ოფის მონაწილეობა „ტულუზმა“, „ბორდომ“, „ტულონმა“ და „ბაიონმა“ გაინაღდეს, დარჩენილ მეხუთე და მეექვსე ადგილებზე კი პრეტენზიას ერთბაშად 7 კლუბი აცხადებს და ბოლო ორ ტურში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება. მსგავსი სიტუაცუა ცხრილის ბოლოშიცაა – „სტად ფრანსე“, „პერპინიანი“, და „ვანი“ 5-ქულიან ინტერვალში განლაგდნენ და არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს არნახული კონკურენცია.
პრო დ2
თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსმა“ საკუთარ მოედანზე „ანგულემი“ იოლად დაამარცხა – 49:22 და ნახევარფინალში გავიდა. იგივე გზა ვახტანგ ჯინჭარაძის „მონტობანმაც“ გაიმეორა, რომელმაც გასვლით მატჩში „კოლომიე“ 26:23 დაამარცხა.
ნახევარფინალი პარასკევს და შაბათს შედგება: „გრენობლი“ „პროვანსს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბრივი“ – „მონტობანს“.