ნეაპოლი ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს აღნიშვნისთვის ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდს სერია A-ს ჩემპიონობამდე 90 წუთიღა აკლია. „ნაპოლი’’ „ინტერს’’ ერთი ქულით უსწრებს და პარასკევს, 23 მაისს დამაგვირგვინებელ შეხვედრაში „კალიარის’’ მასპინძლობს.
ქალაქში უკვე სამი დიდი ეკრანი დაამონტაჟეს: პიაცა პლებიშიტოზე, პიაცა მერკატოსა და პიაცა ჯოვანი პაოლო მეორეზე (იოანე პავლე მეორე). ეს უკანასკნელი მდებარეობს სკამპიაში, სადაც კრიმინალური სერიალის „გომორას’’ გვარიანი ნაწილია გადაღებული. მთელი ქალაქი ამ მოედნებზე შეიკრიბება, რათა ზღაპრული ღამე მოიწყოს. პარასკევს ორი წლის წინანდელთან შედარებით სხვა ვითარებაა. მაშინ, 4 მაისს ცხადი იყო, რომ „ნაპოლის’’ ტიტულს ვეღარავინ შეეცილებოდა, მაგრამ სკუდეტო იურიდიულად ჯერ არ იყო გაფორმებული. ამჯერად, საქმე ბოლო ტურამდე მივიდა და ყველაფერი სეზონის უკანასკნელ თამაშში უნდა გადაწყდეს ანუ დრამატიზმი შეუდარებლად მეტია.
„გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ „ნაპოლის’’ ფეხბურთელებმა და კლუბის თანამშრომლებმა ორი ღია ავტობუსით შესაძლოა შაბათსვე მოაწყონ პარადი. პარადის დრო ჯერ დათქმული არ არის. მარშრუტიც დასადგენია. ავტობუსები შეიძლება ზღივს სანაპიროს მერჯელინადან პიაცა ვიტორიასკენ გაუყვნენ. ერთი კი ფაქტია: კლუბი და ქალაქის მუნიციპალიტეტი ზეიმის გეგმას ადგენენ.
თუ „ნაპოლი’’ ჩემპიონი გახდება „მარადონაზე’’ ცერემონია გაიმართება – გუნდს ჯილდოს გადასცემენ. თასი პარასკევს ნეაპოლში იქნება, რადგან „აძური’’ ლიდერობს და მისი ჩემპიონობა უფრო მოსალოდნელია.





