Kenan Yildiz of Juventus battles for the ball with Samuele Birindelli and Pedro Pereira of Monza during the Serie A match between Juventus and Monza...
ქენან ილდიზი

სერია A-ს სეზონს ინტრიგა ბოლომდე შერჩა: ვინ გახდება ჩემპიონი „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? დღეს მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, მაგრამ ნეაპოლური კლუბის სპორტული მენეჯერი ჯოვანი მანა თავის საქმით არის დაკავებული: 2025-26 წლების სეზონზე ფიქრობს. მან უნდა შეადგინოს გასაყიდ და შესაძენ ფეხბურთელთა სრული სია, რათა გაყიდვებიდან მიღებული ფულით ყიდვა დააფინანსოს.

„ნაპოლის’’ სატრანსფერო ამოცანებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიქტორ ოსიმენის გასხვისებაა. ამწუთას, ნიგერიელის ყიდვას ოფიციალურად მხოლოდ „გალათასარაი’’ ცდილობს. კლუბი, რომელსაც ოსიმენი იჯარით თამაშის პერიოდში შეეჩვია, მასში 75 მილიონ ევროს იხდის. ფეხბურთელი სტამბოლში ცხოვრებით და თამაშით კმაყოფილია, მაგრამ ტოპ-ლიგაში სურს გადასვლა. ცნობილია, რომ ის ჯერ კიდევ ფრანგულ „ლილში’’ თამაშის დროიდან პრემიერლიგაზე ოცნებობდა. მაშინ მის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია „ნაპოლის’’ იმდროინდელმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ, რომელმაც ცალკე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაარწმუნა, რომ ამ ფეხბურთელის ყიდვა ღირდა და ცალკე ფორვარდი დაარწმუნა, რომ „მარადონაზე’’ გადასვლა მისთვის კარგი იქნებოდა.

ჯიუნტოლი „იუვენტუსში’’ მუშაობს და ცნობილია, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურს. იტალიურ პრესაში წერენ, რომ მენეჯერი ნიგერიელისთვის მამის ტოლი ფიგურაა. „ნაპოლის’’ და „იუვეს’’ შორის მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა. „ნაპოლისთვის’’ „იუვე’’ უშუალო კონკურენტია და თუ მას ძლიერ ფეხბურთელს მიჰყიდის, წარმოუდგენლად დიდ ფასს გადაახდევინებს. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც იკვეთება: ტურინელებს ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც „აძურის’’ ძალიან მოსწონს. ლაპარაკია თურქ ქენან ილდიზზე. არ არის გამორიცხული „ბებერმა ქალბატონმა’’ სწორედ ეს ბერკეტი აამუშავოს და დე ლაურენტისს ოსიმენის სანაცვლოდ მარტო ფული კი არა, ილდიზს პლუს ფული შესთავასზოს. ტურინში თურქის ხელფასი დაქვითვის შემდეგ წელიწადში ორი მილიონია.

თუ იგორ ტუდორის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება (სადღეისოდ „იუვე’’ მე-4 ადგილზეა), კლუბს დიდი ალბათობით რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის ილდიზის გაყიდვა მოუწევს. და მაინც, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, შედგება თუ არა „ნაპოლისა’’ და „იუვენტუსს’’ შორის ასეთი გარიგება. ამ ეტაპზე პირველი ნაბიჯი „იუვემ’’ უნდა გადადგას და ოფიციალურად დაადასტუროს, რომ ოსიმენის შეძენა სურს.