
„იბერიას“ ვერავინ აჩერებს. ლევან კორღალიძის გუნდმა ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა და უშუალო მდევარს 10 ქულით გაუსწრო. უშუალო მდევარი კი ამჯერად გორის „დილაა“, რომელმაც თელავში კახური კლუბი დაამარცხა და მეორე ადგილზე დადგა.
თელაველები ორჯერ უგებდნენ გორელებს, მაგრამ სტუმრებმა ბოლოსკენ მაინც იძალეს.
„დინამომ“ „გარეჯს“ 2:1 მოუგო და მესამე ადგილზე აინაცვლა. ორიდან ერთი გოლი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ გაიტანა. ეს გვილიას ზედიზედ მესამე საგოლე მოქმედება გახლდათ მიჯრით მესამე მატჩში. მანამდე მან „კოლხეთთან“ საგოლე პასი შეასრულა, წინა ტურში „თელავს“ გაუტანა, ამჯერად კი „გარეჯს.“
„გარეჯმა“ კი სამმატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.
ზედიზედ მესამედ მოიგო „ტორპედომ.“ ქუთაისელებმა „ბათუმი“ შარშანდელი ელიგის საუკეთესო ბომბარდირის, ბიორნ იონსენის გოლით დაამარცხეს. ეს ნორვეგიელის მე-4 გოლი გახლდათ წლევანდელ სეზონში. ბომბარდირთა დავას კი 7-7 გოლით ბათუმელთა ესპანელი ჯალენ ბლესა და იბერიელი იური ტაბატაძე ლიდერობენ.
ამისდაკვალად, „ბათუმი“ მეორედან მეოთხე ადგილზე დაეშვა.
„იბერია,“ რომელიც წინა ჩემპიონატიდან მოყოლებული 26 მატჩია არ დამარცხებულა, 36 ქულით კვლავ დამაჯერებლად პირველობს. მერე ადგიზე მყოფ „დილას“ 26 ქულა აქვს. სამეულს 25-ქულიანი თბილისის „დინამო“ ასრულებს.
იბერია 2:1 სამგურალი
1:0 ტაბატაძე (54 პენ), 1:1 შერგელაშვილი (62), 2:1 სხირტლაძე (84)
ტორპედო 1:0 ბათუმი
1:0 იონსენი (54)
გაძევება: რუხაძე (90) – ბათუმი
გაგრა 1:1 კოლხეთი
1:0 ბორჟესი (38), 1:1 ოლოკო-ობი (45)
გაძევება: ხარშილაძე (77) – კოლხეთი
თელავი 2:3 დილა
1:0 კპოზო (2), 1:1 შეყილაძე (26), 2:1 იობაშვილი (45+4 პენ), 2:2 ედუძი (86), 2:3 ბასინგა (90+3)
გარეჯი 1:2 დინამო
0:1 ნინუა (45+1), 0:2 გვილია (50), 1:2 ცეცხლაძე (61)
გაძევება: გაბაძე (85) – გარეჯი





