2024-2025 წლების დიდი 10-ის სეზონის გადამწყვეტ მატჩში „ბათუმმა“ ქუთაისის „აიას“ 14:10 მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.

არადა მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ იმართებოდა და ამ მხრივ მასპინძლებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ბათუმურ გუნდს ზღვისპირეთიდან იმდენი ქომაგი წაჰყვა, რომ ტრიბუნებზეც ფაქტობრივად ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც სათამაშო მოედანზე.

ეს იყო ორი კარგი გუნდის უდაძაბულესი და უდრამატულესი ჯახი, რომლის პირველ ნახევარში რეგულარული სეზონის გამარჯვებულ „აიას“ გარკვეული უპირატესობა ჰქონდა – სათამაშოც და ტერიტორიულიც. თუმცა, ტაიმი 10:9 მორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები უკვე მე-15 წუთზე კაცნაკლულები მთელი დარჩენილი დროით დარჩნენ, რადგან მათმა მოთამაშე თაგაურმა წითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში კი, 14-კაცა შავიზღვისპირელებმა ინიციატივა რამდენადმე ხელთ იგდეს, ქუთათურებს თამაში აღარ წაუვიდათ და შედეგად, 64-ე წუთზე შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი ჩხაიძემ გადაცემა თავის ნახევარზე ჩაჭრა და 60-მეტრიანი რეიდი ლელოში შერბენითა და ბურთის დამიწებით დაასრულა. ეს საოცარი ლელო მატჩისა და ჩემპიონატის ნამდვილი გვირგვინი იყო – ამის მერე ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბათუმმა“ 3 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ქართული რაგბის მთავარი ტიტული – ქვეყნის ჩემპიონობა.