„ინტერმა’’ 2023 წელს „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო ფინალი, „პარი სენ ჟერმენმა’’ კი 2020 წელს „ბაიერნთან’’ ― 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალისტები შეეცდებიან ზედიზედ მეორედ არ დამარცხდნენ გადამწყვეტ შეხვედრაში. მილანისა და პარიზის გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგას მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ შეეცილებიან. აქამდე მათი გზები ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს გადაკვეთილა.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მასში 2004 წლის შემდეგ პირველად არ მონაწილეობს ესპანეთის, ინგლისის ან გერმანიის წარმომადგენელი. 21 წლის წინანდელ ფინალში ერთმანეთს „პორტუ’’ და „მონაკო’’ შეხვდნენ. ის თამაში გერმანიაში, გელზენკირხენში გაიმართა და ჟოზე მოურინიუს „პორტუმ’’ დიდიე დეშამის „მონაკოს’’ სძლია 3:0.
2003 წელს ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იტალიური გუნდები „მილანი’’ და „იუვენტუსი’’ დაუპირისპირდნენ; 1996 წელს „იუვენტუსი’’ „აიაქსს’’ შეხვდა და ამ ორმა ფინალმაც ინგლისელების, ესპანელებისა და გერმანელების გარეშე ჩაიარა.
ევროპის ხსენებული სამი უძლიერესი ლიგის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმიტომ ვერ გავიდა, რომ ინგლისური გუნდები „ლივერპული’’, „ასტონ ვილა’’ და „არსენალი’’ პსჟ-მ, ხოლო „ბაიერნი’’ და „ბარსელონა’’ „ინტერმა’’ ჩამოიშორეს.
„ინტერს’’ ჩემპიონთა თასი სამჯერ აქვს მოგებული ― 1964, 1965 და 2010 წლებში. „პარი სენ ჟერმენს”-ს ეს ტიტული არასდროს მოუგია.