
კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი მწვრთნელები რუბენ ამორიმი და ენჯ პოსტეკოგლუ ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან: ევროთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ინგლისური გუნდი ექვსი წელიწადია არ შეხვედრია ერთმანეთს.
მეისონ მაუნტის ორ ჩინებულ დარტყმას პლუს კაზემიროსა და რასმუს ჰოილუნდის გილებმა „მანჩესტერ იუნაიტედს’’ „ბილბაო’’ ორი შეხვედრის ჯამში 7:1 დაამარცხებინა; დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ კი „ბოდო გლიმტთან’’ ხელოვნურ საფარზე „ტოტენჰემის’’ 2:0 გამარჯვება მოიტანა (ორი შეხვედრის ჯამსი 5:1) და შედეგად ფინალი ორმხრივ ინგლისური გამოვიდა.
„იუნაიტედის’’ პორტუგალიელი თავკაცი ამორიმი და „დეზების’’ ავსტრალიელი შეფი პოსტეკოგლუ 12 დღეში ბილბაოს „სან მამესზე’’ შეხვდებიან ერთმანეთს. პოსტეკოგლუსთვის ეს „ტოტენჰემის’’ თავკაცის თანამდებობაზე ბოლო მატჩი იქნება. მას მოგების შემთხვევაშიც კი მოხსნიან.
მეისონ მაუნტმა მატჩის დამთავრების შემდეგ თქვა: „ეს იყო ჩემი პირველი გოლები „ოლდ ტრეფორდზე’’. მე ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი. მას მერე, რაც „იუნაიტედში’’ გადავბარგდი ხან ტრავმა მაწუხებდა, ხან რა პრობლემას ვაწყდებოდი, მაგრამ არასდროს მტოვებდა რწმენა, რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო და აი, მოთმინება ნახევარფინალში დამიფასდა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. როდესაც ჩემი გოლით ანგარიში გათანაბრდა („ბილბაო’’ 1:0-ს იგებდა), ცოტა დავწყნარდით. ჩემი მხრივ, ვცადე მოედანზე გავსულიყავი და თამაშისთვის კვალი დამეჩნია’’.
მაუნტის მეორე (შეხვედრის ბოლო) გოლი დევიდ ბექემისას მოგაგონებდათ. „როდესაც დავინახე, რომ მეკარე კარიდან გამოვიდა იმწუთას გავიფიქრე: ერთი შეხების მერე უნდა დავარტყა!’’.
როგორც „მანჩესტერ უნაიტედმა’’ ასევე „ტოტენჰემმა’’ პრემიერლიგის სეზონი ჩააფლავეს, მაგრამ ევროლიგის ფინალში გამარჯვება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგისკენ და 100 მილიონი გირვანქისკენ გაუხსნის გზას. ორივე გუნდმა ჯამში 35 შეხვედრა წააგო, მაგრამ ევროპულ სარბიელზე იყოჩაღა.
„ტოტენჰემი’’ ევროპული შეჯიბრების ფინალში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში „ლივერპულთან’’ დამარცხდა 0:2. იმავე წელიწადს „ჩელსიმ’’ ევროპის ლიგის ფინალში „არსენალს’’ 4:1 სძლია.
იმის გამო, რომ ევროპის ლიგას ნამდვილად პრემიერლიგის გუნდი მოიგებს, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ინგლისს ექვსი(!) წარმომადგენელი ეყოლება. ერთ ქვეყანას ლიგაში ამდენი გუნდი არასდროს ჰყოლია.