„არსენალთან’’ 2:1 გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგს ფინალში გასვლის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავმა-მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ Prime Video-ს კითხვებს უპასუხა. იტალიელ გოლკიპერს ცხადია ფინალში იტალიურ გუნდთან, „ინტერთან’’ მომავალი დაპირისპირების შესახებ ჰკითხეს.
„აღტაცებული ვარ. წინ დიდებული ფინალი გველის. ჩემს ბევრ მეგობარს, ნაკრებში თანაგუნდელს შევხვდები. შევხვდები ჩემს მწვრთნელ ჯანლუკა სპინელისაც, რომელსაც ტელეფონით ყოველდღე ველაპარაკები’’.
შემდეგ დონარუმამ სხვადასხვა კითხვას გასცა პასუხი:
…ატმოსფერო ფანტასტიკური იყო. ბედნიერი ვარ…
…სახეზე ნაიარევი? ასე უფრო აგრესიული გამომეტყველება მაქვს (იცინის)…
…ყველაზე რთულად მოსაგერიებელი დარტყმა? ალბათ, ორიდან ერთ-ერთი: დღეს ოდეგორის დარტყმული ან პირველი შეხვედრის მეორე მოგერიება…
…პარიზში თავიდან გამიჭირდა. უცხო ენა, ახალი ქალაქი… მაგრამ ახლა თავს ჩინებულად ვგრძნობ. ყველას ვუყვარვარ…
…„ინტერის’’ და „ბარსელონას’’ შეხვედრას ვუყურე და „ინტერის’’ მეკარეს იან ზომერს მეკარეთა მწვრთნელის პირით ჩემი მოლოცვა გადავეცი. ის არაჩვეულებრივი იყო…
…დაბალი დარტყმების მოგერიების უნარით ბუნებამ დამაჯილდოვა. ამას ბევრი მუშაობაც სჭირდება…
…„ინტერთან’’ მძიმე და ლამაზი თამაში იქნება. მე ეს გუნდი ვიცი და მისი ფასიც კარგად მომეხსენება…
…პსჟ-თან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მეწურება, ასე რომ მის გახანგრძლივებაზე ლაპარაკის დრო ჯერ მაქვს. თუმცა, გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს. თუ მათ ჩემი დარჩენა ენდომებათ – დავრჩები. ამას ხელის მოწერის მეტი არაფერი უნდა. ჩემი სურვილები მათ კარგად იციან…
…მბაპეს დროინდელ გუნდთან შედარებით ახლა გაცილებით ერთსულოვნები ვართ. ერთი მეორეს ვეხმარებით, თავს ვიცავთ. კილიანი მსოფლიოში საუკეთესოა. გარკვეული გაგებით ჩვენ ის გვაკლია, მაგრამ დღევანდელი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული. 2021 წელს იტალიის ნაკრებმა სწორედ ამიტომ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული.