ბოლო დროს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიასა და „ბარსელონას“ შესაძლო ურთიერთობაზე კი იწერებოდა, მაგრამ ახლა უკვე ესპანური მედია ამ ინფორმაციას დარწმუნებით ავრცელებს. Mundo deportivo-ს გვერდზე ვკითხულობთ – გადაწყვეტილია! თორნიკე შენგელიამ ბარსელონასთან სამწლიანი (2+1) კონტრაქტი შეათანხმა.
ესპანური მედიის ცნობით, შენგელიამ უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კატალონიურ გუნდს ახალი სეზონიდან შეუერთდება. „ბარსელონას“
ჩვენებურის გადაბირება მანამდეც სურდა, მაგრამ „ბოლონიასთან“ კონტრაქტის გამო, გამოსასყიდი თანხის გადახდისგან თავი შეიკავეს და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით, აიყვანეს.
33 წლის შენგელიასთვის ესპანეთი უცხო არ არის. პროფესიული კარიერაც იქ დაიწყო, როდესაც „ვალენსიაში“ ირიცხებოდა, ხოლო „ბასკონიას“ შემადგენლობაში ამ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ახლა იმავეს და უფრო მეტის გაკეთებას „ბარსელონასთან“ ერთად შეეცდება.





