Mikel Arteta, Manager of Arsenal, catches the ball as Luis Enrique, Head Coach of Paris Saint-Germain, reacts during the UEFA Champions League...„პარი სენ ჟერმენმა’’ „არსენალთან’’ სტუმრად მოგებულ 1:0-ს შინ 2:1 დაამატა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 31 მაისს მიუნხენში პარიზელები „ინტერს’’ შეხვდებიან. პსჟ-თვის ეს ისტორიში მეორე ჩემპიონთალიგური ფინალია. კოვიდიან 2020 წელს ისინი ლისაბონში „ბაიენთან’’ დამარცხდნენ – 0:1.

ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე, როგორც წესი და რიგია, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს შეხვდა.

რამ განაპირობა განსხვავება პსჟ-სა და „არსენალს’’ შორის?

ჟინისა და ინტენსივობის თვალსაზრისით თამაშმა იმედი არ გააცრუა. „არსენალი’’ პარიზში მოსაგებად ჩამოვიდა. მან მთელი ძალით იბრძოლა და ჩვენ იმ ფეხბურთის თამაში მოგვიხდა, რომელიც არ გვინდოდა. ლონდონელები ძალიან ძლიერები არიან როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ისინი მუდმივად პრობლემებს ქმნიან, მაგრამ გავძელით და მეორე ტაიმი უფრო თანაბარი გამოვიდა.

რას ეფუძნება ის, რომ თქვენი გუნდისა მუდმივად გწამთ?

შეჯიბრების მსვლელობისას მთავარი შედეგია, თვალში სწორედ ეს ხვდება. ჩვენ ლიგის (ჯგუფურ) ეტაპზე ცხრა ქულით მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ გავიზარდეთ, ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში უკეთ ავთამაშდით. ჩვენ ხშირად ფლეი-ოფში გამსვლელ 24 გუნდს მიღმა ვიყავით, მაგრამ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ იმავდროულად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიც გახლდით. და როდესაც შედეგი ბუნებრივ ნუშნულს დაუბრუნდა, დავამტკიცეთ, რომ ფინალში გასვლას ვიმსახურებდით.

რაიმე გასაკვირი ხომ არ არის იმაში, რომ პსჟ-ში თქვენს მეორე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გახვედით? აქ რაიმე ლოგიკა არის?

ფეხბურთში ლოგიკა არ არის. როდესაც პარიზში ჩამოვედი პრესას ვუთხარი, რომ ჩემი მიზანი ისტორიაში შესვლაა ― მინდა გავხდე პირველი, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. მე ამ პროექტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან რაც მინდა ყველაფერი მაქვს ― ლუის კამპოსი (მრჩეველი ფეხბურთის საკითხებში) და პრეზიდენტი მხარში მიდგანან. მუდმივი მხარდაჭერისთვის მინდა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა. ჩვენ მათ სიხარული მოვუტანეთ.

ფინალი მოსალოდნელზე მალე ხომ არ მოდის?

არა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას უნდა, თუმცა მანამდე კიდევ ერთი საფეხურია: სეზონის ბოლომდე ორი ფინალი (საფრანგეთის თასი) დაგვრჩა. ვფიქრობ, კლუბი და ქომაგები ამას იმსახურებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ წელიწადს ჯიუტად შევეცდებით მიზნის მიღწევას.

მიკელ არტეტამ თქვა, რომ „არსენალი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ ჯობდა და ფინალში გასვლასაც მეტად იმსახურებდა…

ამ მოსაზრებას საერთოდ არ ვეთანხმები. მიკელი ჩემი მეგობარია, მაგრამ – არა! „არსენალმა’’ მატჩი ჭკვიანურად ააგო, მან შეძლო ისე ეთამაშა, როგორც უნდოდა, მაგრამ ჩვენ მეტი გოლი გავიტანეთ და ფეხბურთში სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იყო მატჩი, რომელშიც ჩვენ უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ დამსახურებულად გავედით ფინალში. ჩვენ მეტი გავიტანეთ და პლუს პირველ შეხვედრაშიც ძალიან კარგად ვითამაშეთკარგები ვიყავით. შეხვედრის ბოლოს მეტის შეგდებაც შეგვეძლო.

ოსმან დემბელეს სათადარიგოთა სკამზე დასმა როდის გადაწყვიტეთ?

მან ყველა ღონე იხმარა განაცხადში რომ მოხვედრილიყო. ოსმანს 30-წუთიანი დავირთვის მიღება შეეძლო. მე არ მიყვარს ფეხბურთელებით გარისკვა, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სწრაფ მოთამაშეებს, რომელთაც მეტოქის რიგებში არეულობის შეტანა შეუძლიათ. ამიტომაც არ გავრისკეთ.

„ინტერზე’’ რას იტყვით?

ამ გუნდს ვიცნობ. ის სამ წელიწადში მეორედ გავიდა ფინალში. ისინი შეუვალი მენტალიტეტით გამოირჩევიან, ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად და სტანდარტულ მდგომარეობებში. ეს გუნდი ცოტა შეიცვალა. ის ჩვენზე გამოცდილია. „ინტერი’’ ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელია. ჩვენ კი სეზონის ბოლომდე ორი ფინალი დაგვრჩა და მათ მოგებაზე ვოცნებობთ. ამ ფინალების სათამაშოდ ისეთივე მენტალიტეტით გავალთ, როგორც ყოველთვის.