საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

2024 წლის 26 მარტს ეს თუ ფეხბურთელებმა მოახერხეს, დღეს იმავეს გაკეთება ხელბურთელებმა შესძლეს.

ტიტე კალანდაძის გუნდმა გადამწყვეტი მატჩი საბერძნეთს 29:26 მოუგო და კონტინენტის უმთავრესი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორეობისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ეს დავალება რთულად, მაგრამ წარმატებით შეასრულა.

ანგარიში ბერძნებმა გახსნეს და მას შემდეგ მთელი ტაიმის განმავლობაში ლიდერობდნენ. ჩვენები მხოლოდ ერთხელ გავიდნენ წინ, როდესაც 14:13 დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც დათმეს – 14:16. ცუდი იყო ისიც, რომ დასაწყისშივე ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ბერძნები მეორე ტაიმსიც ლიდერობდნენ. ჩვენები წინ მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გავიდნენ. სამაგიეროდ, დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოიყენეს და სასურველ გამარჯვებამდე მივიდნენ.

საქართველოს ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი – 11 მაისს, ისლანდიასთან. ეს მატჩი არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტს… ევროპის ჩემპიონატი 15 იანვარს დაიწყება და მასპინძლები შვედეთი, დანია, ნორვეგია იქნებიან…