საქართველოს ნაკრების თავკაცი ტიტე კალანდაძე (მარჯვნივ) და მეკარეების მწვრთნელი შოთა თევზაძე

8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გუნდს კონტინენტის მთავარი ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, შესაძლოა, ფრეც ეყოს და წაგებითაც გავიდეს, მაგრამ საქმე მოლეული სჯობიაო…

არადა, ბერძნებთან პირველი თამაში 26:27 წავაგეთ. უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მეტოქემ მოიგო, რადგან ბოლო ბურთი 8 წამით ადრე მივიღეთ და ისიც სიჩქარის გამო. ამას მეორე წაგებაც მოჰყვა – შინ, ისლანდიასთან, 25:30. მომდევნო ორში კი ბოსნიას შინ (28:26) და სტუმრად (22:20) ვაჯობეთ. თავის მხრივ, ბოსნიელებს ბერძნებთან (27:26) მოგებული აქვთ. სწორედ ეს გვიტოვებს წაგებითაც გასვლის შანსს, მაგრამ…

როგორ ემზადება ჩვენი ნაკრები ბერძნებთან სათამაშოდ, ამის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე გვიამბობს:

„ისევ ტრამვირებულია ნიკოლოზ კალანდაძე, რომელსაც ამ მატჩის წინ ხაზეინ რუსტამოვიც დაემატა. სხვა მხრივ ყველაფერი კარგად არის და, იმედი მაქვს, მატჩის ბოლომდეც ასე იქნება და დასახულ მიზანს მივაღწევთ. მოტივაცია არ გვაკლია. ასეთი მონდომებული, მიზანდასახული და ერთსულოვანი ეს გუნდი ჯერ არ მინახავს. ნელნელა იხვეწება და ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო. აბსოლუტურად ყველაფერში მომატებული გვაქვს. როდესაც გუნდი ჩავიბარე, ძალიან ახალგაზრდული და გამოუცდელი იყო. ფაქტობრივად, ახალი ნაკრები შეიკრა. იმის შემდეგ ეს გუნდი ბიოლოგიურად გაიზარდა. 3 წელიწადია ვთამაშობთ. გამოცდილება დაგროვდა. ბევრი ისეთი თამაში გვქონდა, რომელმაც გვანახა, რომ მოგება შეგვიძლია. გვქონდა პატარ-პატარა ჩავრდნებიც. განსაკუთრებით ტაიმების ბოლოს. თუმცა, ეს „მოკლე სათადარიგოთა სკამის“ ბრალია. ბოლო წუთებში, როდესაც სპორტსმენი შეცდომას უშვებს, ფიზიკურად არის გადაღლილი, ისე ვეღარ აზროვნებს, როგორც საჭიროა. როდესაც მომავალში გვეყოლება სრულფასოვანი შემცვლელები, ასე აღარ იქნება. მთავარი ის არის, რომ ბიჭებმა რეალური თვითშეფასება მიიღეს, მაგრამ თავში არავის ავარდნია. ვიცით სადაც ვართ და ცაში არ დავფრინავთ. თუმცა, ისიც ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია“, – გვითხრა კალანდაძემ.

საბერძნეთთან გადამწყვეტი მატჩი 8 მაისს, „თბილისი არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.

ვაჟა ჩხაიძის ფოტოები