
უეინ რუნი შიშობს, რომ ევროპის ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის’’ წარმატებული სვლა კლუბში არსებულ ბევრ პრობლემას მალავს. მანკუნიანელთა ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი აცხადებს, რომ მთელ რიგ საკითხებს რაც შეიძლება მალე სჭირდება მოგვარება.
რუბენ ამორიმის ფეხბურთელებმა ბილბაოში 3:0-ის მოგებით ფინალში გასვლა ფაქტობრივად გაინაღდეს. მართალია, ხუთშაბათს „ოლდ ტრეფორდზე’’ საპასუხო მატჩია, მაგრამ დიდი ალბათობით ბასკები სამგოლიან ჩამორჩენას ვერ გამოასწორებენ.
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ევროთასებზე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედია’’. თუ ის 21 მაისს „სან მამესზე’’ (ბედის ირონიით ფინალი ბილბაოშია) თასს აღმართავს, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოვა. არადა, პრემიერლიგაში გუნდმა ვერ ივარგა: მე-15 ადგილზეა. კვირას „ბრენტფორდთან’’ 3:4 წააგო და ეს მისი მე-16 მარცხი იყო ჩემპიონატში.
რუნი, რომელსაც ევროპის ლიგა 2017 წელს „იუნაიტედის’’ კაპიტნის რანგში აქვს მოგებული ამბობს: „მგონია, რომ ფინალში გასვლა ბევრ რეალურ პრობლემას დამალავს. არადა სირთულეები უნდა მოგვარდეს, თან რაც შეიძლება მალე’’.
რუნის ვაჟი კაი ფეხბურთზე ქერინგტონის ცენტრში დადის და შესაბამისად მამა საწვრთნელი ბაზის ხშირი სტუმარია. ის ხედავს, რომ რუბენ ამორიმი გუნდს სამი მცველით ათამაშებს, მაშინ როდესაც 23-წლამდელთა „იუნაიტედი’’ ოთხკაციან დაცვაზე მუშაობს, რის გამოც ახალგაზრდები დიდ გუნდში სათამაშოდ მზად არ არიან.
„მეორე გუნდი დაცვაში ოთხი კაცით თამაშობს, რაც უცნაური მგონია. კლუბს ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ისინი 23-წლამდელებში სულ სხვა სისტემას ამუშავებენ’’, — თქვა რუნიმ.