ვითომ ადვილი ასარჩევი იყო, რომელი ფორმით უნდა უმასპინძლოს „პარი სენ ჟერმენმა’’ „არსენალს’’? შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში პარიზელები „პარკ დე პრენსზე’’ ლონდონელებს მასპინძლობენ. პირველი შეხვედრა „ემირეით სთადიუმზე’’ პსჟ-მ მოიგო 1:0.
საერთოდ, ფორმას მასპინძლები ირჩევენ, სტუმრები კი უხამებენ. ლოგიკური არჩევანი, ცხადია, მთავარი ფორმა იქნებოდა: მუქი ლურჯი, ვერტიკალური წითელი ზოლით, რომელსაც თეთრი კანტი დასდევს. მეორე არჩევანი წესით ის ლურჯი ფორმა უნდა ყოფილიყო, რომელიც პარიზელებმა პირველად „მანჩესტერ სიტისთან’’ შინ 4:2 მოგებულ შეხვედრაში მოირგეს. სხვათა შორის, გულშემატკივრები ამ მაისურას თავიდან ცუდად შეხვდნენ, მაგრამ ეგრეთწოდებული ულტრასები ისე შეეჩვიენ, რომ კლუბს სთხოვენ ყოველ წელიწადს მისი ვარიაცა შექმნას. ასეთი რამ პსჟ-ს ისტორიაში ხშირად არ ხდება. ლაპარაკია ლურჯ მაისურზე, რომლის მკლვებზეც ფრთებია გამოსახული. ეს „ჯორდანისადმი’’ პატივისცემის ჟესტია. „პარიზიენი’’ წერს, რომ ამ მაისურის ურბანული შესახედაობა გემოვნების თვალსაზრისით საკმაოდ საკამათოა, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდმა ისეთი შედეგები დადო, რომ ხალხს უნებურად შეუყვარდა: „სიტისთან’’ 4:2-ის შემდეგ 4:1 შტუტგარტში, 3:0 ბრესტში და 1:0 ლივერპულში – ეს უკანასკნელი განსაკუთრებით.
თუმცა, ამ ფორმამ ჯადოსნური თილისმის სახელი 15 აპრილს ბირმინგემში მეტ-ნაკლებად მაინც დაკარგა, რადგან პარიზელებმა „ატონ ვილასთან’’ 2:3 წააგეს შეხვედრაში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ. თუმცა, კატასტროფა არც ამ დღეს მომხდარა, რადგან გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ანუ ჩემპიონთა ლიგაში „ჯორდანის ფრთებიანი’’ მაისურის სტატისტიკა ასეთია: 4 მოგება და 1 წაგება.
და მაინც, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ტრადიციას არ უღალატოს. ოთხშაბათს ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ჩაიცვამენ ლურჯ წითელზოლიან ფორმას, რომლითაც „პარი სენ ჟერმენმა’’ 1996 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო.