„ნანსის’’ ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი რასაკვირველია მიშელ პლატინია. ქალაქიდან 90 კილომეტრში დაბადებული ვარსკვლავი კლუბის საწვრთნელ ცენტრს 1972 წელს შეუერთდა და პროფესიული კარიერაც იქ დაიწყო. 1979 წელს პლატინი „სენტ ეტიენში’’ გადაბარგდა, მანამდე კი „ნანსიში’’ 214-ჯერ ითამაშა.
„ოქროს ბურთის’’ სამგზის (1983, 1984, 1985) გამარჯვებულმა „ნანსისთან’’ ერთად 1975 წელს D2 ლიგის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1978-ში საფრანგეთის თასი აღმართა. ამიტომაც ხარობს ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა თავისი პირველი კლუბის ლიგა 2-ში აღზევებას. „ნანსიმ’’ სამი წელიწადი ეგრეთწოდებულ „ეროვნულ ლიგაში’’ (ნასიონალში) გაატარა.
სწორედ „ეროვნული ლიგის’’ 30-ე ტურის შეხვედრაში „ნიმთან’’ 1:0 გამარჯვებამ მოუტანა პლატინის საყვარელ გუნდს ერთით ზედა დივიზიონის საგზური. წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავისი შთაბეჭდილება L’Est Républicain-ს გაუზიარა:
„როდესაც გავიგე, რომ „ნანსი’’ ლიგა 2-ში გადავიდა მამაჩემი ალდო გამახსენდა (2017 წელს გარდაიცვალა) და ვიფიქრე, მამა ცოცხალი რომ იყოს დავურეკავდი და ერთად გავიხარებდით, მეთქი’’.
პლატინიმ ძალიან მაღალი შეფასება მისცა „ნანსის’’ მწვრთნელის პაბლო კორეას მიერ გაწეულ სამუშაოს. მან კორეას დიდი ლიდერი უწოდა, „რომელმაც ფეხბურთი ძალიან კარგად იცის, ხოლო „ნანსი’’ გულში უზის’’.
კორეა გაფრანგებული ურუგვაელია, რომელიც „ნანსის’’ ჯერ 2002-11, შემდეგ კი 2013-18 წლებში წვრთნიდა. 2023 წლიდან ის ისევ გუნდშია.