გასულ უქმეებზე სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ორივე ტურნირში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასზეც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისური და ფრანგული კლუბები, ხოლო ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთში ერთბაშად ოთხი ბორჯღალოსანი თამაშობს.
ჩემპიონთა თასი
2025 წლის ევროპის უძლიერესი სარაგბო კლუბის წოდებისთვის გადამწყვეტი მატჩი 24 მაისს 17:45-ზე პლანეტის ერთ-ერთ უმთავრეს სარაგბო არენაზე – კარდიფის „მილენიუმზე“ დაიწყება, რომელიც დღეს სასპონსორო სახელს – „პრინსიპალიტის“ ატარებს. და ამ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისური „ნორთჰემპტონ სეინთსი“ და ფრანგული „იუნიონ ბორდო-ბელიე“, ან უბრალოდ „ბორდო“. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, ფრანგული „ტულუზი“ მე-7 ჩემპიონთა თასზე ოცნებას გამოეთხოვა და ბებერ კონტინენტს ახალი საკლუბო ჩემპიონი ეყოლება.
„ნორთჰემპტონი“ ჩემპიონთა თასის მფლობელი 2000 წელს უკვე იყო, როცა ლონდონის „თვიქნემზე“ ირლანდიური „მანსტერი“ დაამარცხა, ხოლო „ბორდო“ ჩემპიონთა თასის ფინალში პირველად გავიდა. ორივე ფინალისტმა ნახევარფინალში მინი-სასწაული მოახდინა – „ნორთჰემპტონმა“ დუბლინში ირლანდიის ნაკრების საბაზო ფრენჩაიზი და ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი „ლენსტერი“ 37:24 დაამარცხა, რაც სპეციალისტებმა ერთგვარ სენსაციად მიიჩნიეს. „ბორდომ“კი სულაც მთავარი ფავორიტი დასცა – საკუთარ მოედანზე „ტულუზს“ 35:18 მოუგო. ბორდოელები მიმდინარე ევროკამპანიას საოცრად ატარებენ და ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან მათი ჯახი უთუოდ ძალიან საინტერესო იქნება.
ჩელენჯ თასი
ისევე, როგორც ჩემპიონთა თასზე, რანგით მეორე ევროტურნირის ფინალშიც ინგლისურ-ფრანგული დუელი შედგება. 23 მაისს, საღამოს 23 საათზე, იგივე მილენიუმზე ინგლისური „ბათი“ ფრანგულ „ლიონს“ შეერკინება.
„ბათი“ საკმაოდ ტიტულოვანია – 2008 წელს ჩელენჯ თასი მოიპოვა, ხოლო 2003, 2007 და 2014 წლებში ხსენებული ტურნირის ფინალი დათმო, ანუ 23 მაისს „ბათი“ თავის მე-5 ფინალში მე-2 თასის მოპოვებას ეცდება.
„ლიონი“ კი ევროელიტაში შედარებით ახალი კლუბია: ფინალში პირველად 3 წლის წინ, 2022-ში გავიდა და თანამემაულე „ტულონთან“ მარსელის სტადიონზე ისეთი ცეცხლი დაანთო, ფინალს და თასის მფლობელს რომ ეკადრება – 30:12.
ალბათ ყველას ახსოვს, თუ როგორ გაუუქმეს მაშინ სრულიად ნორჩ დავით ნინიაშვილს ულამაზესი ლელო ტექნიკური ხარვეზის გამო. დღეს კი „ნინი“ „ლიონის“ ლიდერთაგანია, თანაც მის მხარდამხარ ბექა შვანგირაძე, ირაკლი აფციაური და ბორჯღალოსანთა კაპიტანი ბექა საღინაძე თამაშობენ, ამ უკანასკნელმა, სხვათა შორის, ნახევარფინალში „რასინგ-92“-ს ეფექტური ლელო დაუდო. „ლიონმა“ პარიზელებთან 29:15 მოიგო და ისტორიაში მეორედ გავიდა ჩელენჯ თასის ფინალში.
„ბათზეც“ ვთქვათ: ამ გუნდმა შოტლანდიაში იქაური „ედინბურგი“ მოულოდნელად იოლად დაამარცხა – 39:24. ერთი საინტერესო ფაქტიც: ფრანგულ და ინგლისურ კლუბებს ჩელენჯ თასი 12-12-ჯერ აქვთ მოპოვებული და 23 მაისს გამარჯვებული თავის ქვეყანას „საერთო ჩათვლაშიც“ დააწინაურებს.