„ლიონმა’’ „ლანსთან’’ შინ 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას როგორც ჩანს დაემშვიდობაო, ― წერს „პარიზიენი’’. მატჩის შემდეგ პრესასთან ლიონელთა პასუხისმგებელ პირთაგან არავინ გამოსულა. ანდა ვინ უნდა გამოსულიყო, თვით ჯონ ტექსტორი? ის სხვა საქმეების გამო საერთოდ არ იყო სტადიონზე, რაც პარიზული გაზეთის აზრით ეჭვს აჩენს, რომ ამერიკელი ბიზნესმენისთვის გუნდი მთავარი არ არის. იქნებ გენერალური მენეჯერი ლორან პრიუდომი უნდა გამოჩენილიყო? მაგრამ, მას სამსახურიდან უშვებენ. კიდევ ერთი დიდი მენეჯერი, გერმანელი მიხაელ გერლინგერი? ის საზოგადოევისთვის ნაკლებად არის ცნობილი და „ლიონის’’ შესახებ პირველად მაინცდამაინც ახლა რომ ელაპარაკა ძალიან უცნაური იქნებოდა. არადა, მდგომარეობა შემაშფოთებელია, რადგან „ლიონს’’ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა, უფრო სწორად კი ფული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში კეთდება, ძალიან სჭირდება. 32 ტურის შემდეგ გუნდი მესამე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება და მართალია მეოთხე ადგილი (რომელიც ჯგუფური ეტაპის ადგილს არ იძლევა) თეორიულად ჯერ კიდევ ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით რეალური არ არის.
ასეთ ვიტარებაში ჟურნალისტებთან ლაპარაკი ფეხბურთელებს მოუწიათ. „ლანსის’’ კარში გატანილი ჩინებული გოლის ავტორმა ჟორჟ მიქაუტაძემ თქვა: „ჯერ კიდევ დარჩა ორი თამაში (სტუმრად „მონაკოსთან’’ და შინ „ანჟესთან’’) და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ექვსი ქულა რომ მოვიპოვოთ. პირველ რიგში მონაკოში უნდა გავიმარჯვოთ და მერე ვნახოთ რა მოხდება’’.
მიქაუტაძის თამაში პორტალმა maxifoot 7 ქულით შეაფასა. მასზე მაღალი შეფასება საიტმა მხოლოდ მალიკ ფოფანას დაუწერა (7.5). ქართველი თავდამსხლელის თამაშის სიტყვიერი დახასიათება ასეთი გახლდათ: „ლაკაზეტის არყოფნაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ძალ-ღონე არ დაუშურია. პირველ ტაიმში ის ხელსაყრელ პოზოციაში ფაქტობრივად ვერ ხვდებოდა, მაგრამ ამის გამო მცდელობა არ დაუკლია. დროგამოშვებით ზედმეტად უანგარო მიქაუტაძეს ბოლოს გარჯა მაინც დაუფასდა და თავური გოლი შეაგდო’’.
მიქაუტაძემ ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრა და „ლიონმა’’ მოსაგებად მოიკრიბა ძალები, მაგრამ 6 წუთში მაროკოელმა ანას ზარურიმ ეფექტური გასროლით სტუმრების გამარჯვება გამოჭედა.
Flashscore-მა მიქაუტაძეს და რაიან შერკის თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი, 7.1 ქულა დაუწერა.
Whoscored-ის შეფასებით ქართველმა და ფოფანამ 7.2 დაიმსახურეს.
Sofascore-ის აზრით ჟორჟის თამაში 7.8 ქულას იმსახურებდა. მასზე მეტი შერკიმ მიიღო – 7.9.