სტრასბურში 1:2 დამარცხების მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელები პუასი კამპუსში სავარჯიშოდ გამოცხადდნენ. წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ლუის ენრიკემ ელზასში დაასვენა, კვლავ შეუდგა საქმეს, თუმცა მათ შორის ოსმან დემბელე არ ყოფილა. პარიზელთა გუნდის თავდამსხმელი, რომელმაც „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ფეხი იტკინა, გამოჯანმრთელების გზას ადგას. და მაინც, კვირას ის დარბაზში დარჩა, რადგან ექიმებს გარისკვა არ უნდათ.
პსჟ-ს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ დემბელე ოთხშაბათს მზად იქნება და „პარკ დე პრენსზე’’ ლონდნელების წინააღმდეგ ითამაშებს.
„მეთოფეებთან’’ შეხვედრამდე ლუის ენრიკეს კიდევ ორი ვარჯიში აქვს დაგეგმილი: ორშაბათს და სამშაბათს 11 საათზე. სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ ამ ვარჯიშებზე მოსინჯავს ძალას დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად.
კვირის ვარჯიშში მონაწილეობა არც კანგ-ინ ლის მიუღია. სტრასბურში სამხრეთ კორეელმა კოჭი იტკინა და როდესაც სამედიცინო პერსონალის ორ წევრთან ერთად მოედანს ტოვებდა, კოჭლობდა. ახლა პარიზულ კლუბში ელოდებიან როგორ განვითარდება ჰემატომა. ბოლო ცნობით, 19 ნომერს კოჭი ძალიან გაუსივდა.
პსჟ-ს სამედიცინო შტაბი აგრეთვე იტყობინება, რომ მცირე პრობლემა აქვს ლუკა ფერნანდესსაც. ფრანგ მცველს ზურგი სტკივა, თუმცა წესით სერიოზული არაფერი უნდა იყოს.