საფრანგეთში შეუმჩნევლად არ ჩაუვლია იმ ამბავს, რომ ბრედლი ბარკოლას ბოლოხანს „პარი სენ ჟერმენის’’ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად უწევს თამაში. არადა, წინა სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 52 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი შეასრულა.
ბოლო 11 მატჩში ფრანგმა გარემარბმა გოლი საერთოდ ვერ გაიტანა, მის მიერ შესრულებული საგოლე პასების რაოდენობა კი მხოლოდ 4-ს უდრის. და რაც სტატისტიკაზე მთავარია, ბარკოლამ ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი. მის ნაცვლად ლუის ენრიკე დეზირე დუეს ათამაშებს. დუე ხსენებულ პერიოდში 5-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე 514 წუთი გაატარა. ამის გამო ბარკოლა კრიტიკის ობიექტი გახდა. „სტრასბურგთან’’ დღევანდელი თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკეს ბარკოლას ამბავთან დაკავშირებით კომენტარი ჰკითხეს. ესპანელმა უპასუხა:
„პოზიტივი და ნეგატივი არ არსებობს. ბარკოლამ მიმდინარე სეზონში 35 საგოლე პასი შეასრულა ანუ ჩვენ ლიგა 1-ის საუკეთესო მეპასეზე და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დრიბლიორზე ვლაპარაკობთ. ის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, მაღალი დონის მოთამაშეა, რომელიც იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი’’.
2024-25 წლების სეზონის ბოლოს „ბარსელონას’’ ყოფილ თავკაცს უყვარდა გამეორება, რომ: „პსჟ-ს ფეხბურთელს უნდა შეეძლოს როგორც სასტარტო შემადგენლობაში თამაში, ასევე შეცვლაზე შესვლა და მეტიც, შეხვედრაში არ-მონაწილეობაც კი კარგად უნდა მიიღოს. აჟიოტაჟი კარგია, მაგრამ მოდი მას გარშემო ხალხს დავუტოვებთ, ჩვენ კი შევეცდებით დავრწმუნდეთ, რომ ნებისმიერი მოთამაშე რომელიც მოედანზე ფეხს შეადგამს 100%-ით დაიხარჯება, რადგან სეზონის ბოლოა და კვანძის გახსნას ვუახლოვდებით’’.
მაგრამ, სიტყვები სიტყვებად და რეალობას თვალის გასწორება სჭირდება: დუე 2025 წელს საუცხოოდ თამაშობს, მან პსჟ-ს შემადგენლობიდან ბარკოლა ამოაგდო და აშკარაა ორი ახალგაზრდა ფრანგის დუელი ლუის ენკიკეს თერთმეტეულში მოსახვედრად. თუმცა, მწვრთნელი თავისას იმეორებს:
„ბრედლი დღეს იმაზე ცუდად არ თამაშობს ვიდრე სეზონის დასაწყისში თამაშობდა. ეს ევოლუციური პროცესია თავის აღმასვლებითა და დაღმასვლებით. ჩემთვის კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდში მყავს მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაშიც დაიწყონ და სკამიდანაც ჩაერთონ საქმეში’’.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს სხვადასხვა საიტები ვარაუდობენ, რომ ლუის ენრიკე ბარკოლას გონსალო რამუშსა და იბრაჰიმ მბაიესთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებს ანუ ხვიჩა კვარაცხელია და დუე (ოსმან დემბელე დაშავებულია) დაისვენებენ.