Head coach Luis Enrique of Paris Saint-Germain reacts during the UEFA Champions League semi-final first leg football match between Arsenal and PSG at...მცირე, მინიმალური, მაგრამ უპირატესობა, ― ასე აფასებს „პარიზიენი’’ პსჟ-ს 1:0 გამარჯვებას ლონდონში „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში. ამავე შეჯიბრების ლიგის ანუ ჯგუფურ ეტაპზე, ოქტომბერში, აქვე, „ემირეიტ სთედიუმზე’’ პარიზელებმა 0:2 წააგეს. პროგრესი თვალსაჩინოა. მატჩის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი ლუის ენრიკე ჟურნალისტებს შეხვდა.

ოსმან დემბელეს ჯანმრთელობის შესახებ რაიმე სიახლე ხომ არ არის?

არაფერი ვიცი. მას ხვალ გამოიკვლევენ. სერიოზული არაფერი, მცირე ტრავმაა, მაგრამ ამწუთას მისი მონაწილეობა საპასუხო შეხვედრაში საეჭვოა.

მატჩი თქვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა და მაინც, ბრედლი ბარკოლას მიერ ხელიდან გაშვებულ შანსს თუ გავიხსენებთ, გული ხომ არ გწყდებათ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ გაიმარჯვეთ?

შეხვედრაში იყო ერთმანეთისგან განსხვავებული ფაზები. თავიდან ატმოსფერო არაჩვეულებრივი გახლდათ, გამაყრუებელი გუგუნი იდგა, მაგრამ თამაშის დასაწყისი ჩვენთვის კარგი იყო. დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, თუმცა გოლმა საკუთარი თავის რწმენა მოგვცა. მეორე ტაიმში უპირატესობას უფრო „არსენალი’’ ფლობდა. შედეგი შეიძლებოდა უარესი, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო.

დღევანდელ შედეგამდე თქვენმა მენტალიტეტმა მიგიყვანათ?

ჩვენი გუნდი მიუხედავად იმისა თუ არა იმარჯვებს თუ მარცხდება კონკურენტუნარიანია. დღეს ბევრი კოლექტიური და ინდივიდუალური მუშაობა ვნახეთ. საქმეშე ჩართული იყო ყველა, ნახევარმცველი თუ თავდამსხმელი. საუკეთესოდ ვითამაშეთ ბურთით თუ უბურთოდ. თანაგუნდელების დახმარების გარეშე საკას, მარტინელისა და ოდეგორის წინააღმდეგ ვერაფერს გახდები.

როგორ ფიქრობთ, ყველაზე რთული საქმე უკვე მომთავრებულია?

პირველი მიზანი მიღწეულია. შეხვედრა 1:0 დამთავრდა. ის შეიძლებოდა 2:0 ან ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლებოდა. შემდეგი ამოცანა მეორე შეხვედრის მოგებაა. ჩვენ დანებების უფლება არ გვაქვს. „არსენალს’’ გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია. ჩვენ შინ უნდა მოვიგოთ. წინ გულშემატკივრისთვის ამაღელვებელი და მწვრთნელებისთვის განცდებით სავსე მატჩი გველის.

„ასტონ ვილასთან’’ „ვილა პარკზე’’ გამართული მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა,  დაგეხმარათ?

როგორც შევატყე ის რაც ბირმინგემში მოხდა აქაც მეორდებოდა. ჩვენ ყოველთვის კარგად თამაში გვინდა. შეხვედრა სასურველი შედეგით დამთავრდა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. საპასუხო მატჩში ყველა გუნდს თავისი წილი შანსი ეძლევა.

ორიოდ სიტყვა ჯანლუიჯი დონარუმაზეც გვითხარით.

მართლაც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა ძირითადის და სათადარიგო ფეხბურთელებზე. ზოგმა სხვაზე მეტად გაიბრწყინა, ჩვენი მეკარე კი უბრალოდ ფასდაუდებელი იყო, მითუფრო, რომ ვთამაშობდით მეტოქესთან, რომელიც სტანდარტულ სიტუაციებში უბადლოა. მაგრამ, უნდა დავძინო, რომ მე მყავდა წარმოუდგენლად კარგი დაცვის ხაზი, ნახევარდაცვა და თავდასხმა, რამაც ფანტასტიკური შედეგი მოიტანა.