ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც.

ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ.
„დილამ“ „გაგრას,“ რომელიც მე-10 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, 2:0 მოუგო და მეორე ადგილზე აინაცვლა, თუმცა „ბათუმსაც“ მათსავით 23 ქულა აქვს და ქართლელები ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით მეორეობენ. გორელთაგან მეორე ბურთი 18 წლის ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ გაიტანა. ეს ჭაბუკი ნახევარმცველის სადებიუტო გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში.
„ბათუმელებმა აუტსაიდერ „გარეჯს“ ვერ მოუგეს (1:1) თუმცა თავიდან ჯალენ ბლესას გოლით უგებდნენ. ბლესასთვის ეს მე-6 გატანილი ბურთი აღმოჩნდა წლევანდელ სეზონში და ის ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში.
„კოლხეთმა“ „თელავს“ გიორგი აბუაშვილის თერთმეტმეტრიანით მოუგო. ეს გიორგის მე-5 გოლი გახლდათ წლეულს, არადა მიმდინარე სეზონში „კოლხეთმა“ სულ 6 ბურთი გაიტანა.
დილა 2:0 გაგრა
1:0 ფარულავა (20), უატარა (90+6)
გაძევება: გაბედავა (10) – გაგრა
ტორპედო 0:1 იბერია
0:1 გიზო მამაგეიშვილი (19)
კოლხეთი 1:0 თელავი
1:0 აბუაშვილი (77 პენ)
სამგურალი 0:0 დინამო
ბათუმი 1:1 გარეჯი
1:0 ბლესა (35) 1:1 პაპავა (78 პენ)