გასული უქმეები საფრანგეთში მოთამაშე ქართული სარაგბო ლეგიონის მაღალშედეგიანობით აღინიშნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც ლუკა მატკავას ამბავი იყო: „შავი ლომიდან“ „კასტრში“ ახლახან გადაბარგებულმა მგეზავმა საფრანგეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი გამართა.

ტოპ 14

მართალია, „კასტრმა“ საფრანგეთისა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ სტუმრობა კატასტროფული მარცხით (6:52) ჩაამთავრა, მაგრამ თავად მატკავასთვის ეს თამაში ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო. ქართველი მგეზავი თავის გუნდში გამოირჩეოდა და კასტრული 6 ქულაც სწორედ ლუკას ანგარიშზეა, რომელმაც 2 ზუსტი ჯარიმით თავისი კარიერის ახალი ეტაპის სტარტი გაალამაზა. მატკავამ თამაში შეუცვლელად ჩაატარა და დებიუტის კვალობაზე საკმაოდ დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა.

„ლიონმა“ კლერმონში 31:39 წააგო და მის შემადგენლობაში ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა: ირაკლი აფციაური სასტარტოში იყო, დავით ნინიაშვილი – მარქაფაში, ხოლო სასტარტოში მყოფი ბექა საღინაძე მისმა სეხნია შვანგირაძემ 50-ე წუთზე შეცვალა და 69-ე წუთზე სეზონში თავისი მეორე ლელო მიითვალა – ბურთი რაქიდან აიღო და ხაზსიქით გადადო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ახალაძე იყო.

სეზონში ასევე მეორე ლელო გურამ გოგიჩაშვილმაც გაიტანა, რომელსაც წინა სეზონებში მხოლოდ ერთი ლელო ჰქონდა მითვლილი. გურამის „რასინგ-92“-მა კი პარიზულ დერბიში გიორგი მელიქიძისა და სერგო აბრამიშვილის „სტად ფრანსე“  ბონუსით, 49:24 დაამარცხა.

პრო დ2

რანგით მეორე ფრანგულ ლიგაში ერთბაშად 3 ქართული ლელო დაფიქსირდა.

„მონ-დე-მარსანმა“ „დაქსს“ უმასპინძლა და 34:20 მოუგო. გამარჯვებულთა ერთ-ერთი ლელო იოანე იაშაღაშვილმა გაიტანა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა თავისი გუნდის სწრაფი ხელდახელ შეტევის დაბოლოება ითავა, ეფექტური კომბინაცია მოკლე აჩქარებით, ლელოს ხაზთან ლამაზი ფინტითა და უკვე წაქცეულმა ბურთის გაშლილი ხელით დამიწებით დააგვირგვინა. ლელო მეტად ეფექტური გამოვიდა, იოს ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში უკვე 4 ლელო დაგროვდა. გიორგი პერტაიამ კი „გრენობლს“ სულაც გამარჯვების 5 ქულა მოუტანა. „ოიონაქსი“ ლიგის გამორჩეულ ლიდერს 23:21 ამარცხებდა, მაგრამ შეცვლაზე ახალშესულმა ქართველმა ბურჯმა საკმაოდ ეფექტური ლელოთი თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა – 26:23. გიორგისთვისაც ეს იყო მე-4 ლელო მიმდინარე სეზონში.

აი, ბორჯღალოსან კვაჭ ლუკა ნიორაძეს უკვე 6 ლელო აქვს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში: „ორიაკისა“ და „ბრივის“ დაპირისპირების 32-ე წუთზე მასპინძელთა ჰუკერმა ბურთი შემტევი რაქიდან აიღო, ლელოსკენ დაიძრა, მას რამდენიმე პარტნიორი აჰყვა, რეფერიმ მოლი დააფიქსირა და ნიორაძემ თავისივე დაწყებული მოლი ლელოთი დაასრულა. როგორც ითქვა, ეს იყო ლუკას მე-6 სეზონური ლელო და ამ მაჩვენებლით ის ლიდერია ქართველ ლეგიონერთა შორის, თუმცა მის კლუბს საქმე ცუდად აქვს: „ბრივთან“ შინ 23:39 წაგებული მატჩის შემდეგ „ორიაკი“ ბოლოსწინა,  მე-15 ადგილზეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საფრანგეთში ყველაზე ქართულ გუნდს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა ნასიონალ ლიგის დამარცხებულ ფინალისტთან მოუწევს.