უმნიშვნელოვანეს მატჩს ნაცნობი მსაჯი გაუძღვებაო, წერს „პარიზიენი’’. უეფამ „არსენალსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის არბიტრად 44 წლის სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი დანიშნა. შეგახსენებთ, რომ თამაში ხვალ, სამშაბათს, ლონდონში „ემირეიტ სთედიუმზე’’ გაიმართება.
რატომ არის ვინჩიჩი პარიზელთათვის ნაცნობი? იმიტომ, რომ ის მიმდნარე სეზონში „ემირეიტზე’’ „არსენალისა’’ და პსჟ-ს თამაშს უკვე სჯიდა. ეს 1 ოქტომბერს ეგრეთწოდებული ლიგის ანუ ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მაშინ ხვიჩა კვარაცხელია ჯერ კიდევ „ნაპოლის’’ ფეხბურთელი იყო. ინგლისურმა გუნდმა ფრანგულს კაი ჰავერცისა და ბუკაიო საკას გოლებით 2:0 მოუგო. ეს გახლდათ თამაში, რომელშიც პარიზელთა შეტევა დეზირე დუეს, კანგ-ინ ლისა და ბრედლი ბარკოლას ტრიოსგან შედგებოდა, ოსმან დემბელე კი არ იყო, რადგან ლუის ენრიკემ დისციპლინის დარღვევისთვის დასაჯა და ლონდონში საერთოდ არ წაიყვანა. მოგვიანებით ესპანელი მწვრთნელი ამბობდა, დემბელეს სეზონის შუიდან გოლი გოლზე სწორედ ამ დასჯის პედაგოგიური ეფექტის შედეგად გაჰქონდაო.
იმ დღეს სლოვენიელს შედარებით მშვიდი თამაში ჰქონდა. მას მერე ის ჩემპიონთა ლიგის კიდევ 8 შეხვედრას მოემსახურა. მათ შორის ორში ფრანგული გუნდი მონაწილეობდა: „მონაკო’’ – „ასტონ ვილა’’ (2:0) და „ლილი’’ – „ფეიენოორდი’’ (6:1).
ვინჩიჩი ის მსაჯია, რომელმაც სულ ახლახან, მეოთხედფინალში „ინტერისა’’ და „ბაიერნის’’ დაპირისპირება იმსაჯა. ის შეხვედრა 2:2 დასრულდა, ნახევარფინალში „ნერაძური’’ გავიდა.
სლოვენიელი არბიტრი „პარი სენ ჟერმენის’’ თამაშს კარიერაში მესამედ ემსახურება. პირველად მისი და პარიზული გუნდის გზები გასულ სეზონში გადაიკვეთა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე, „პარკ დე პრენსზე’’ მასპინძლებმა „მილანს’’ 3:0 მოუგეს. ზოგადად კი სლოვენიელი უეფას ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯია. მას ჩემპიონთა ლიგაში 40 მატჩი აქვს გამოვლილი.
სლავკო ვინჩიჩს თანამსაჯებად თანამემამულეები ტომაშ კლანჩნიკი და ანდრიას კოვაჩიჩი ეყოლებიან. მეოთხე არბიტრად მატეი იუგი იმუშავებს. VAR-ს ალენ ბოროშაკი მიუჯდება, რომელსაც ჰოლანდიელი დენის ჰიგლერი დაეხმარება.