პოდგორიცაში ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლებით დახურა…
ფინალამდე მაგრად ვიარეთ: ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა შეგირდებმა მერვედფინალში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს. მოგებები სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მიითვალეს; მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 ვძლიეთ. ნაკრებს ქულები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს, ხოლო შავდათუაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო; ნახევარფინალში გერმანია 4:0 დავამარცხეთ. აქ ქულები შავდათუაშვილის შემცვლელმა მიხეილ ბახბახაშვილმა, ლიპარტელიანმა, ჭანტურიამ და მაისურაძემ მოგვიტანეს;
ფინალში კი მეტოქედ იტალია გვერგო. თავიდანვე ჩამოვრჩით – ბახბახაშვილმა წააგო, მაგრამ ჭანტურიამ საქმე გამოგვიკეთა; მერე მაისურაძემ და სომხოშვილმა იჭიდავეს და ორი ქულით ვაგებდით; დარჩენილი ორივე უნდა მოგვეგო: თუშიშვილმა შანსი დაგვიტოვა, ხოლო ლიპარტელიანმა გაათანაბრა. ყველაფერი ლოტოტრონმა გადაწყვიტა – სომხიშვილი ტავანოს წინააღმდეგ. სომხიშვილმა 9 წამში დააგდო მეტოქე და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა…
შეგახსენებთ, ინდივიდუალურ ტურნირში ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ილია სულამანიძემ მოუპოვეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდნენ.