საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრებამ რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია. ხმათა უმრავლესობით, მომავალი 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე შეცვალა, რომელიც ქართულ რაგბს 4 წელიწადი თავკაცობდა – 2021 წლიდან დღემდე.

40 წლის დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს ჰქონდაა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი – 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამეა (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.

მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვა  ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას უკავშირდება.