Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint Germain thanks supporters for standing following the UEFA Champions League 2024/25 Quarter Final First Leg match...„პარი სენ ჟერმენმა’’ ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად 5 აპრილს გაიფორმა ― მეცემეტედ გახდა საფრანგეთის საუკეთესო გუნდი. მას მერე ლუის ენრიკეს ერთადერთი ამოცანა აქვს, ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა პორტალ maxifoot-ის აზრით  ესპანელი მწვრთნელი ლიგა 1-ის შეხვედრებში როტაციას დიდად არ მიმართავს და მხოლოდ შიგადაშიგ ასვენებს წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფს.

სამშაბათს პსჟ-ს ლონდონში, „ემირეით სტედიუმზე’’ „არსენალთან’’ აქვს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა. საპასუხო თამაში „პარკ დე პრენსზე’’ 7 მაისს გაიმართება. ლუის ენრიკეს პრეს-კონფერენციაზე როტაციისადმი თავისი დამოკიდებულების ახსნა სთხოვეს.

„საქმე გვაქვს ფარდობითობის თეორიასთან: მოვლენებს ყველა თავისი ინტერესიდან გამომდინარე უყურებს. როცა თავს გესხმიან უნდა აირჩიო თავს დაიცავ თუ ფეხებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, როტაციას მიმართავ თუ არა, ვიღაც მაინც შეიძლება დაშავდეს და ვიღაც მაინც შეიძლება დაიღალოს. მე ყველა ღონეს ვხმარობ, რომ მაქსიმალური პროდუქტიოლობა შევინარჩუნო’’, ― უპასუხა პარიზელთა თავკაცმა.

ჟურნალისტთა ნაწილს დააინტერესა როტაციასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებს 2024-25 წლების სეზონის წაუგებლად დამთავრების სურვილი ხომ არ განაპირობებს. ამ კითხვას იბერიელმა მკაფიო პასუხი გასცა: „გულწრფელად გეტყვით, ვინმემ რომ მითხრას „ნიცასთან’’ თუ წააგებ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გახვალო, დავთანხმდები. რეკორდების დამყარება ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის. ჩვენ ტიტულების და ჯილდოების მოგება გვინდა, რადგან ისტორია ასე იქმნება. მაგრამ, ვინაიდან რაიმე გარანტიას არავინ მაძლევს და იმავდროულად ამბიციური კლუბი ვართ, რომელსაც რეკორდების დამყარება შეუძლია, ვფიქრობ „არსენალთან’’ შეხვედრას მაქსიმალურად მომაზდებულები და გამარჯვებულები უნდა შევხვდეთ’’.

ლუის ენრიკეს აზრით „არსენალთან’’ შეხვედრისთვის მოსამზადებლად „ნიცასთან’’ თამაში ყველაზე კარგი ხერხია.

„მიუხედავად იმისა, თუ რა დონის მეტოქეს ვხვდებით, ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივართ, ვაწყდებით სიტუაციებს, რომლებსაც შეიძლება ჩემპიონთა ლიგაშიც გადავაწყდეთ. სწორედ ასეთი რეალური გამოცდილება გვჭირდება. თამაშზე უკეთესი მომზადება არ არსებობს. იქ ჩანს შეგვიძლია თუ არა შეტევასა და დაცვაში მთელი რიგი ამოცანების გადაწყვეტა’’, ― თქვა „ბარსელონასა’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.

„ლე პარიზიენმა’’ კი „ნიცასთან’’ დღევანდელ შეხვედრაში პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობის თავისი ვარიანტი შემოგვთავაზა. გაზეთის აზრით, ლუის ენრიკე კარში მატვეი საფონოვს დააყენებს. დაცვის მარჯვენა ფრთაზე აშრაფ ჰაკიმი დაბრუნდება და იკაპიტნებს კიდეც, რადგან მარკინიოსი არ იქნება და ცენტრს ბერალდოსა და პაჩოს წყვილი გაამაგრებს. მარცხნივ ნუნუ მენდეშს სავარაუდოდ ლუკა ერნანდესი შეცვლის.

ნახევარდაცვაში ვიტინიას მაგივრად, რომელმაც „ნანტთან’’ მართალია გოლი შეაგდო, მაგრამ დაზოზინებდა, სავარაუდოდ ზაირ-ემერის ვნახავთ. მასთან ერთად შუა ხაზში იქნებიან კანგ-ინ ლი და ფაბიან რუისი, ხოლო შეტევაში დეზირე დუეს, გონსალო რამუშისა და ბრედლი ბარკოლას ტრიო იტრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე ისხდებიან.