პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მეორე დღესაც მოიპოვა, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იყო.
ჩერნოგორიის დედაქალაქში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე დარია კურბონმამადოვას იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი აჯობა. ფინალში ჩვენებური გერმანელ სეია ბალჰაუსს გაეჯიბრა, ერთ მომენტში ვაზარი გაეპარა, რის შემდეგ ბრძოლა ვეღარ მოატრიალა.
ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვა იპონით კი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ სერბ მარიცა პერიშიჩთან დამარცხდა და მედლის შანსი აღარ მისცემია.
მედალთან ახლოს იყო ლაშა შავდათუაშვილიც (73 კგ.), რომელმაც ჩეხ ჩუსნიდინ კარიმოვსა და თურქ ბილალ ჩილოღლუს შიდოების ხარჯზე აჯობა, მეოთხედფინალში კი, კოსოვოელი აკილ გაიკოვას 16 წუთი ეჭიდავა და იუკოზე დასცა. 33 წლის ქართველი ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა და მედლის შანსი დაიტოვა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში შავდათუაშვილის მეტოქე ფრანგი ჟან-ბენჟამინ გაბა იყო. ჩვენიანი ვერაფერს გახდა და დამატებით დროში იპონით დამარცხდა.
დღესვე 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილმა პირველივე შეხვედრა ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგთან შებოჭვით წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
ხვალ ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90 კგ.) და მარიამ ჭანტურია (70 კგ.) გავლენ. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს გუშინ ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) მოუტანა.