Head coach of Paris Saint-Germain, Luis Enrique reacts during the Ligue 1 match between Paris Saint-Germain and Le Havre AC at Parc des Princes on...ამოსასუნთქი დროის არქონაც ამას ჰქვია. „პარი სენ ჟერმენმა’’ სამშაბათს ნანტის სტადიონი „ბოჟუარი’’ 1:1 ნათამაშევი მატჩის შემდეგ მალე დატოვა და ამის მიზეზი მხოლოდ უხეირო შედეგი და უხარისხო თამაში როდი იყო. რასაკვირველია, ფეხბურთელების ჩამოშვებული ცხვირებით თუ ვიმსჯელებთ, ფრით ყველა უკმაყოფილო იყო. ერთადერთი, ვინც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შედარებით დიდხანს გაუჩერდა ჟოაო ნევეში გახლდათ, მაგრამ ამას პარიზელების ცუდ აღზრდას ვერ დავაბრალებთ. პრობლემა დროის დეფიციტია. ლუის ენრიკესა და მის სტაფს სამშაბათამდე ანუ „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგს მატჩამდე თითოეული წუთი დათვლილი აქვთ. მართალია „ნანტთან’’ შეხვედრის გადატანით ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ საფრანგეთის ჩემპიონს მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან’’ მოსამზადებლად და დასასვენებლად დრო გამოუძებნა, მაგრამ ამ თამაშის ახლმა თარიღმა ახალი დაღლა მოიტანა.

პსჟ ნანტიდან პარიზში დაახლოებით ღამის 2 საათზე დაბრუნდა და მყისვე პარასკევ საღამოს „ნიცასთან’’ დანიშნული მატჩისთვის დაიწყო მზადება. „ნიცა’’ არის პირველი გუნდი, რომელმაც ლუის ენრიკე 2023 წლის 15 სექტემბერს პარიზელთა მწვრთნელის რანგში დაამარცხა – 2:3.

„ნიცასთან’’ თამაშამდე ესპანელ მწვრთნელს ორი ვარჯიში ჰქონდა დანიშნული: ოთხშაბათს 17 საათზე და ხუთშაბათს 11 საათზე. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლუის ენრიკე როტაციას მიმართავს და პარასკევს განსხვავებულ შემადგენლობას ათამაშებს ანუ მოედანზე ნაკლებად იქნებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც სამშაბათს „ემირეიტ სთედიუმზე’’ მოუწევთ გარჯა.

ერთი რამ დანამდვილებით არის ცნობილი: პსჟ-ს ფეხბურთელებს დასასვენებლად მხოლოდ კვირადღე ექნებათ. შაბათს დილის 11:30-ზე „პუასი კამპუსში’’ კვლავ ვარჯიშია დანიშნული, ორშაბათს დილით კი გუნდი ლონდონს მიფრინავს, რათა ლანჩის დროს უკვე იქ იყოს. იმავე დღეს, სასტუმროში დაბინავების მერე პსჟ „ემირეითზე’’ ვარჯიშსაც გამართავს.